საქართველოს მთავრობა არშა-სტეფანწმინდის გზის მოდერნიზაციას გეგმავს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, ახალმა გზამ დასახლებულ პუნქტებს გვერდი უნდა აუქციოს. აღნიშნული გზა შემდგომში სტეფანწმინდის შემოვლითი 4.1-კილომეტრიანი მონაკვეთით უნდა გაგრძელდეს, რომლის გზშ და საპროექტო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
"სოფ. არშადან დაბა სტეფანწმინდის შემოსავლელ საავტომობილო გზამდე მონაკვეთი მთლიანად მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გადის სოფლების გარბანის, გაიბოტენის, არშას და ფანშეტის ტერიტორიაზე. საპროექტო მონაკვეთის მთლიანი სიგრძე შეადგენს 4.451 კმ-ს,"- ნათქვამია გზის საპროექტო აღწერაში.
წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით ახალი გზა ორზოლიანი იქნება და ის 80კმ/სთ სიჩქარით მოძრაობაზე იქნება გათვლილი. პროექტზე საჯარო განხილვა დაგეგმილია 2026 წლის 22 იანვარს სოფელ არშასა და ფანშეტის საჯარო სკოლაში.
რაც შეეხება სტეფანწმინდის შემოვლითი გზის პროექტს, სექტემბერში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ის დაახარვეზა. უწყების განმარტების თანახმად, დახარვეზება განაპირობა ფაქტმა, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო ნარჩენების ნაყარი ინერტული მასალის არეალი მხოლოდ რამდენიმე მეტრით არის დაშორებული მდინარისგან და მის დაცვის ზონაში ექცევა, შესაბამისად აუცილებელია მისი გადატანა მოხდეს.





























