მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა აცხადებს, რომ ყულევში რუსული საწვავით დატვირთული ტანკერი NOSTOS-ი სანქცირებული არაა

ტანკერი გემი Nostos

საქართველოს შემოსავლების სამსახური და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი NOSTOS-ი, რომელიც ნოვოროსიისკის პორტიდან ყულევში 40,143 ტონა ნედლი ნავთობით შემოვიდა სანქცირებული არაა. marinetraffic.com-ის თანახმად, ხომალდი ამჟამადაც ყულევის ნავთობტერმინალში დგას.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 8 იანვარს, ყულევის საზღვაო ნავსადგურში შემოვიდა ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემი ,,NOSTOS“ (რეგისტრაციის ნომრით 9258014), რომელზეც დატვირთული იყო რუსული კომპანიიდან, ერთ-ერთი უცხოური შუალედური კომპანიის მიერ, ქართული კომპანიისთვის (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურაში მოქცევისთვის განკუთვნილი 40,143 ტონა ნედლი ნავთობით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, განხორციელებული სკრინინგის შედეგად, დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. გამომდინარე აქედან, იგი კანონმდებლობის სრული დაცვით შემოვიდა ქვეყანაში და ტვირთი მოექცა იმპორტის პროცედურაში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში - მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კი მიუთითებს, რომ ხომალდს გააჩნია საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიის დაზღვევა და ის არ არის სანქცირებული.

"საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული გემის რეგისტრირებული მფლობელი და კომერციული ოპერატორი წარმოადგენენ საერთაშორისო რეესტრებში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (საბერძნეთი), გემი დაფარულია საერთაშორისო სადაზღვევო მექანიზმებით, მათ შორის ბერმუდის, ნორვეგიული ფილიალის P&I დაზღვევით, გააჩნია მოქმედი Hull & Machinery დაზღვევა (ბერძნული) და იმყოფება ავტორიტეტული ფრანგული საკლასიფიკაციო საზოგადოების Bureau Veritas ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ. 2025 წლის განმავლობაში გადაადგილდება: საბერძნეთის, მაროკოს, მალტის (OPL), საუდის არაბეთის, თურქეთისა და რუსეთის ნავსადგურებში", - ნათქვამია განცხადებაში.

შემოსავლების სამსახურის განცხადების თანახმად, სახელმწიფო ამ საქონლის იმპორტიორ კომპანიას ვერ დაასახელებს, თუმცა ის სავარაუდოდ ყულევის ახალი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანაა, რომელიც სწორედ ნედლი ნავთობის გადამუშავებით არის დაკავებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები