საქართველოს მთავრობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობისთვის ახალ პროგრამას იწყებს. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
"როგორც მოგეხსენებათ, მთავრობის ინიციატივით ხორციელდება პროგრამა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომლის მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მივცეთ უკეთესი განათლების, ჯანდაცვის, გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის და ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობა ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის. ამ პროგრამას ძალიან პოზიტიურად აფასებენ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები და მას საყოველთაო მხარდაჭერა აქვს.
მინდა გითხრათ, რომ ამ პროგრამის წარმატებით განხორციელების მიზნით, ჩვენ შევიმუშავეთ ახალი საგრანტო პროგრამა "აწარმოე უკეთესი მომავლისთვის", რომელიც დღეიდან ამოქმედდება. პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას და გამყოფი ხაზების გასწვრივ ერთობლივი წარმოებისა და პარტნიორული პროექტების მხარდაჭერას", – განაცხადა პრემიერმა.
ბახტაძე ირწმუნება, რომ ამ პროგრამის განხორციელება გახდება ხელშემწყობი ფაქტორი პირველ რიგში, ნდობის აღდგენის კუთხით.

























