მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ახალი ტიპის თიზ-ს ქმნის, “სპეც. ფინანსური ზონა” თბილისსა და გონიოში განთავსდება

61e51a57779fe
შოთა ტყეშელაშვილი
17.01.22 11:32
911
საქართველოს მთავრობა ახალი ტიპის თიზ-ს ქმნის, “სპეც. ფინანსური ზონა” 110 ჰექტარზე თბილისსა და გონიოში განთავსდება. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სპეც. ფინანსურმა ზონებმა საქართველოს რეგიონული ფინანსური ცენტრის სტატუსი უნდა მოუტანოს. ამისთვის კი ჯერ საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო, ხოლო ამ ფინანსური ცენტრების მოდელთან დაკავშირებით მთავრობას კონსულტაციებს Rothschild-ის საინვესტიციო ჰოლდინგი გაუწევს, რომელთანაც მთავრობამ კონტრაქტი დეკემბერში გააფორმა.

"გავაფორმეთ ხელშეკრულება Rothschild-ის ფინანსურ ჯგუფთან, ჩვენ ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება და ეკონომიკის მინისტრს მინდა დავავალო, რომ გაუწიოს კოორდინიაცია ამ პროცესს, მომზადდეს და წარუდგინოს საქართველოს მთავრობას საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. ჩვენი სურვილია ქვეყანაში შევმქნათ ისეთი სისტემა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებას. გვაქვს ორი იდეა, ესეიგი ორი ფინანსური ცენტრის შექმნის იდეა, რომ შეიქმნას თბილისის ფინანსური ცენტრი თბილისის ზღვასთან. 110 ჰექტარი მიწის ფართობზე განთავსდება სავარაუდოდ, ეს ცენტრი. ქვეყნის და რეგიონის გამორჩეული ფინანსური ცენტრი უნდა გახდეს ეს ტერიტორია. ანალოგიური ცენტრის ჩამოყალიბება იგეგმება აჭარაში, გონიოს ტერიტორიაზე. გონიოში ჩვენ უფრო მულტიფუნქციური ცენტრის ჩამოყალიბებას ვგეგმათ და დავიწყეთ უკვე ამაზე მუშაობა და აქვე გვინდა, რომ შევქმნათ ფინანსური ცენტრი.

სპეციალური ფინანსური ზონები საერთაშორისო კომპანიებს შესთავაზებენ საერთო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ სამართლებრივ რეჟიმს, ასევე საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებულ რეგულატორულ და ფისკალურ რეჟიმებს. რაც მთავარია, ამ ზონებში მოქმედი კომპანიების თანამშრომლების ნახევარზე მეტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. ამ ცენტრების შექმნაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი მნიშვნელობის საერთაშორისო კომპანიები, ისეთები როგორიცაა Rothschild-ის კომპანია.

ეს ცენტრები ორიენტირებული იქნება ფინტეკებზე, აქტივების მმართველ კომპანიებზე, ტრეიდინგით დაკავებულ კომპანიებზე და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში ჩვენი ვარაუდია, რომ ეს შეუწყობს ხელს კაპიტალის ბაზრის განვითარებას,"- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ჯერჯერობით ინიციატივის შესახებ მეტი ინფორმაცია არ არის ცნობილი. ასევე უცნობია, რა საგადასახადო ბენეფიტებს შესთავაზებს ეს ცენტრი ინვესტორებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები