მთავრობა კომპანია „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 5%-იან წილს კომპანია „ბ და კომპანიას“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცემს. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ვებგვერდზე 28 მაისით თარიღდება.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კომპანიამ სახელმწიფო წილის პრივატიზებისთვის ბიუჯეტში 867 793 ლარი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადოს.
უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აკად. ბ ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 95%-იანი წილი კომპანია „ბ&ნ“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით ჯერ კიდევ 2015 წელს 800 000 ლარად გადასცა. მთავრობის 2015 წლის #2248-ე განკარგულების მიხედვით, კომპანიას ხონში, სოფელ ქუტირში არსებულ უძრავ ქონებაზე 700 საწოლზე გათვლილი სამედიცინო დაწესებულება, ასევე 2 შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აღჭურვისა და კეთილმოწყობის ვალდებულება ჰქონდა, რომელიც მინიმუმ 2 400 კვ.მ-ის ფართის უნდა ყოფილიყო. პროექტის განხორციელებისთვის კომპანიას მინიმუმ 6 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.
2015 წლის შემდეგ „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ 95%- იან წილს შპს „ბ&ნ მედი“, ხოლო 5%-იან წილს სახელმწიფო ფლობდა.
დღეს კომპანია ბ და კომპანიას სახელით პოზიციონირებს და მისი 100%-იანი წილის მფლობელი გოჩა ბაკურაძეა.

























