აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ბათუმში, კოწია ერისთავის ქ. N27 მდებარე 19 321 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს აუქციონზე ყიდის. გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, მიწის საწყისი ფასი 5.5 მილიონ ლარს შეადგენს.
აღწერიდან ირკვევა, რომ ტერიტორია ბათუმის შემოვლითი მაგისტრალის მიმდებარედ არის განთავსებული და მასზე მაგისტრალის მშენებლობიდან დარჩენილი სამშენებლო ნარჩენები არის თავმოყრილი.
საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ტერიტორიის შემძენს ადგილზე საცხოვრებელი სახლის აშენება არ შეეძლება და მან უნდა მოაწყოს ინდუსტრიული ობიექტი, სადაც მინიმუმ 2 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
"ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში, საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ აღნიშნული ტერიტორიისთვის (ზონა) დაშვებული ობიექტის (გარდა საცხოვრებელი სახლების/აპარტამენტების) ამოქმედება, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90% უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეებს; ე. დასაქმებულთა თანაფარდობის და პროფილის შენარჩუნება ობიექტის ამოქმედებიდან არანაკლებ 10 (ათი) წლის განმავლობაში; ვ. აღნიშნულ პროექტში არაუგვიანეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში ჯამში არანაკლებ 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება,"- ნათქვამია საპრივატიზებო პირობებში.
დაინტერესებულ პირებს აუქციონში წინადადებების წარდგენა 29 ივნისამდე შეეძლებათ.





























