ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორის სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერას განცხადებით დღეს ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საგადასახდელო ბალანსის და ეროვნული ვალუტის სტაბილურობაა. როგორც ბალვანერამ განაცხადა, ლარის კურსზე მცირე ზეწოლა კვლავ ხდება, თუმცა არა იმ მასშტაბის, რაც გასულ წელს იყო.
"საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ მნიშვნელოვანი ზეწოლა განიცადა. ჩვენ მცირე ზეწოლას ახლაც ვხედავთ. მე ვფიქრობ რომ დღეს ქვეყნის მთავარი გამოწვევა საგადასახდელო ბალანსია. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მოწოდებულია, რომ დაეხმაროს საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდაში. ეს რა თქმა უნდა შედეგს მყისიერად არ მოიტანს და განგრძობითი პროცესია. მოკლევადიან პერიოდში კი ყველა ფაქტორის გათვალისიწნებაა საჭირო. მნიშვნელოვანია ხედვა, რომელიც მთავრობას გააჩნია.
საქართველო Doing Business-ის რეიტინგში დაწინაურდა, რაც საკმაოდ კარგი ახალი ამბავია. ეს რა თქმა უნდა ასახავს, რომ მთავრობა თანმიმდევრულად მიყვება სხვადასხვა საკითხებს, რომელიც გაუმჯობესებისთვისაა საჭირო. EBRD-მა მთავრობასთან ერთად ჩამოაყალიბა ინვესტორთა საბჭო, ესაა პლატფორმა, რომელიც ასევე განიხილავს მსგავს საკითხებს.
როგორც მთავრობა ასევე კერძო სექტორი მუშაობენ ერთობლივად, იმისთვის, რომ გაზარდონ ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა და ეკონომიკური მაჩვენებლები", - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.

























