მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა დააჯარიმებს ყველას, ვინც თბილისში მეორად საბურავებს ან აალებად ნივთიერებას გაყიდის

5c88fe45017b9
შოთა ტყეშელაშვილი
13.03.19 17:00
5928
დედაქალაქის ათასობით მოვაჭრის ბიზნესი გაქრობის წინაშე დგება, პარლამენტში უკვე შევიდა მმართველი პარტიის წევრთა მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც ქალაქის საცხოვრებელ ზონაში რიგი დასახელების პროდუქტებით, მათ შორის მეორად საბურავებით, ჯართით და აალებადი ნივთიერებებით ვაჭრობა იკრძალება.

კანონპროექტი ამ დარღვევისთვის ჯარიმებსაც ითვალისწინებს, რომლებიც მინიმუმ 500 ლარიდან იწყება.

“თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსება ან/და რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც საამისოდ არ არის განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით,” - წერია კანონპროექტში.

ამ ქმედების განმეორებისთვის კანონი ფიზიკური პირები - 1000 ლარით, იურიდიული პირები კი, 3000 ლარით დაჯარიმდებიან. მაქსიმალური სანქცია კი, 6000 ლარს შეადგენს.

დოკუმენტის მიხედვით, თბილისის საკრებულოს ევალება, რომ 2019 წლის პირველ ივლისამდე განსაზღვროს მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებების ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსების ან/და რეალიზაციის წესი.

კანონპროექტის მიხედვით, ამკრძალავი ნორმის მოქმედება 2019 წლის პირველი სექტემბრიდან უნდა დაიწყოს.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, შესაბამისი ცვლილების გატარების რეკომენდაცია გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფმა გასცა, რაც შემდგომში ქალაქის მთავრობამაც გაიზიარა.

ამას გვკარნახობს გენერალური გეგმა. გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფმა პირდაპირ ჩაწერა, რომ საცხოვრებელი ზონების მავნე ზეგავლენისაგან დაცვის შესახებ. ერთ-ერთი ნათელი მაგალილთი არის "ელიავას ბაზრობა", რომელიც არის საცხოვრებელი ზონა, უამრავი ადამიანი ცხოვრობს და იქ პირდაპირ ხდება ასეთი მასალების, აი რაც ჩამოვთვალე, მათი რეალიზაცია - ყიდვა, გაყიდვა და ასე შემდეგ, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გარემოს თვალსაზრისით, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის და მთლიანად ქალაქისთვის. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა იქნეს დარეგულირებული.

ის, რაზეც მე ვსაუბრობდი, რომ გარკვეული ბუფერული ზონები უნდა შეიქმნას, საცხოვრებელ ადგილებს შორის. დღეს ასეთი ზონები არ არსებობს და მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია აღწეროს ისეთი ტერიტორიები, სადაც გროვდება დამაბინძურებელი ნივთიერებები და უფლებრივი ზონების მიხედვით აკრძალოს კონკრეტული სახის საქმიანობა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს როგორც გარემოსთვის ასევე ადამიანების ჯანმრთელობისთვის,” - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები