მთავრობის განკარგულების შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტო მყინვარულ ხეობებში დასახლებული პუნქტებისა და ინფრასტრუქტურის დაცვის მიზნით მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებისთვის გამარტივებული შესყიდვით 1.4 მლნ ევროს დახარჯავს.
გამარტივებული შესყიდვის თაობაზე შეთანხმების თანახმად, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
უფრო დეტალურად, 613 600 ევროა (დღგ-ს ჩათვლით) გათვალისწინებული ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესების მონიტორინგის სისტემის ინსტალაციისა და ექსპლუატაციაში გაშვებისთვის, მათ შორის აქ შედის: დრონით კვლევის სერვისი, მონიტორინგის ვებ-პორტალის შექმნა, ექსპერტული მხარდაჭერა, პერსონალის ტრენინგი, საგარანტიო მომსახურება და ტექნიკური სერვისი – 1 სისტემა.
მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემის ტექნიკური მიზანშეწონილობის კვლევა და დეტალური პროექტირება კი 786 400 ევრო (დღგ-ს ჩათვლით) ჯდება. ეს მოიცავს საფრთხეების და გეოდინამიკური პროცესების ანალიზს 4 ლოკაციაზე, მათ შორის მიწისპირა ტემპერატურის ლოგერების ინსტალაციას, მონიტორინგის ზუსტი ლოკაციების განსაზღვრას, საველე კვლევებს, ეტაპობრივი იმპლემენტაციის გეგმის შემუშავებას და საბოლოო ანგარიშის მომზადებას GIS მონაცემებით.
შესყიდვის ობიექტი და ვადები ასეთია:
- მეწყერის მონიტორინგის სისტემის მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება (დაბა სტეფანწმინდა; ყაზბეგის მუნიციპალიტეტი - უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2026 წლის 31 ნოემბრისა);
- მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების ტექნიკური მიზანშეწონილობის კვლევა და დეტალური პროექტირება შემდეგი ლოკაციებისათვის:
• სოფელი გლოლა (ონის მუნიციპალიტეტი, რაჭა–ლეჩხუმი–ქვემო სვანეთის რეგიონი; არაუგვიანეს 2026 წლის 15 ნოემბრისა);
• სოფელი ჟაბეში (მესტიის მუნიციპალიტეტი, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონი; არაუგვიანეს 2026 წლის 15 ნოემბრისა);
• დაბა სტეფანწმინდა (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, მცხეთა–მთიანეთის რეგიონი; არაუგვიანეს 2027 წლის 15 ნოემბრისა);
• სოფელი დართლო (ახმეტის მუნიციპალიტეტი, კახეთის რეგიონი; არაუგვიანეს 2027 წლის 15 ნოემბრისა).
როგორც გარემოს სააგენტო ასაბუთებს, შესყიდვის შეზღუდულ ვადაში განხორციელების აუცილებლობა განპირობებულია ბუნებრივი საფრთხეების ზრდის ტენდენციითა და ბოლო წლებში ჩატარებული დეტალური კვლევების შედეგად მაღალი რისკის „ცხელი წერტილების“ იდენტიფიკაციით.
"2023 წლის 03 აგვისტოს შოვში განვითარებული სტიქიური პროცესების შემდგომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშის მომზადებაში ჩართული იყვნენ შვეიცარიელი სპეციალისტები, რომელთა მიერ განხორციელებულმა კავკასიონის ფერდობების გეომორფოლოგიურმა ანალიზმა დამატებით დაადასტურა აღნიშნულ ზონებში რისკების ზრდა და გადაუდებელი რეაგირების საჭიროება.
2024–2025 წლებში განხორციელებული კვლევითი პროექტების (მათ შორის 2024 წლის 02 მაისის და 2025 წლის 25 აგვისტოს ხელშეკრულებების ფარგლებში) შედეგებზე დაყრდნობით გამოიკვეთა შემდგომი ეტაპის მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების დანერგვის აუცილებლობა. აღნიშნული კვლევების დასრულებისა და მათი შედეგების სრულყოფილი ანალიზის შემდეგ გახდა შესაძლებელი შესაბამისი ტექნიკური დავალებების მომზადება, რაც წინასწარ, სრულყოფილი მონაცემების გარეშე, ობიექტურად ვერ იქნებოდა დაგეგმილი.
გლაციალური საფრთხეების განვითარების შესაძლებლობა განსაკუთრებით აქტიურდება გაზაფხულის სეზონიდან, რის გამოც საჭიროა სამონტაჟო სამუშაოების განხორციელება და საველე კვლევების დაუყოვნებლივ ჩატარება. აღნიშნული უზრუნველყოფს იდენტიფიცირებული მაღალი რისკის არეალებში ზაფხულის პერიოდში სათანადო საველე ექსპედიციების ჩატარებას, მათ შორის დრონის, ვერტმფრენისა და მიწისპირა ინსტრუმენტალური დაკვირვებების გამოყენებით",- აღნიშნულია დასაბუთებაში.
2023 წლის 3 აგვისტოს, შოვში, სტიქიური მოვლენის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1 პირის ცხედარი აღმოჩენილი არ არის და დღემდე დაკარგულად მიიჩნევა. გამოძიება მიმდინარეობს ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის; ასევე, სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.




























