მთავრობის მიერ ფაროსანას წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების შედეგად, სოფლის მეურნეობის ზარალი 5-დან 15%-მდე შემცირდება,- ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა.
"ჩვენი ძირითადი მიზანია, რომ სოფლის მეურნეობაში ზარალი 5-დან 15%-მდე შევამციროთ. მიმდინარე ეტაპზე ეს სამუშაოები წარმატებით ხორციელდება.
ის გეგმა, რაც 2018 წელს მთავრობას აქვს დასახული ფაროსანასთან საბრძოლველად სრულყოფილად სრულდება. სახელმწიფოს მიერ შეძენილია დაახლოებით 390 ტონა ინსექტიციდი, 150 ერთეული მანქანა-დანადგარია მობილიზებული, რომელიც დასავლეთ საქართველოს რეგიონებშია განაწილებული და სრულად არის ჩართული პროცესში.
ასევე ხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ის პროექტები, რომელიც ფაროსანას წინააღმდეგაა მიმართული. აბაშაში შექმნილია საკოორდინაციო შტაბი და მოსახლეობას სრულყოფილი ინფორმაცია მიეწოდება, თუ როდის, სად და რა წამლობა განხორციელდება. ვფიქრობთ რომ შეწამვლის ღონისძიებები, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, როგორც ნისლით, ასევე ცივი შესხურებით, დადებით შედეგს იძლევა“ - განაცხადა გელა ხანიშვილმა.
მიმდინარე წელს მთავრობას ფაროსანასთან საბრძოლველად 49 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული, რაც წამლისთვის, პერსონალისთვის, ტექნიკისთვის და შესაბამისი საინფორმაციო კამპანიისთვის იხარჯება.

























