For Sale - საქართველოს მთავრობამ ფოსტის პრივატიზების გადაწყვეტილება მიიღო.
ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას თქმით, სახელმწიფო ფოსტის პრივატიზების გამოცხადებისთვის უკვე “პრაქტიკულად მზად არის”.
საქართველოს ფოსტა სახელმწიფო კომპანიას წარმოადგენს. 1995 წელს დაფუძნებული კომპანია დღეს საქართველოში საფოსტო და საამანათო გზავნილების მიწოდებას ახდენს. 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, საქართველოს ფოსტა ზარალიანი საწარმოა.
2017 წელს კომპანიის ბრუნვა 22%-ით გაიზარდა და მან 86.7 მილიონ ლარს მიაღწია. თუმცა კომპანიას მარაგების შესყიდვა - 30 მილიონი ლარი, პერსონალის ხარჯი - 23.5 მილიონი ლარი, ცვეთა - 3.3 მილიონი ლარი, ხოლო სხვა ხარჯები კი, 30 მილიონი ლარი დაუჯდათ.
საოპერაციო საქმიანობაში ფოსტამ 1.5 მილიონი ლარის ზარალი მიიღო. კომპანიას აგრეთვე სხვა შემოსავალიც ჰქონდა, რაც კომპანიის ანგარიშებზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვას უკავშირდებოდა. საერთო ჯამში, ფოსტის მთლიანი ზარალი 2017 წელს 330,000 ლარი იყო.
საქართველოს ფოსტამ საქმიანობა 2016 წელსაც ზარალით დაასრულა. მაშინ კომპანიის ფინანსური ზარალი 2.2 მილიონი ლარი იყო.
რაც შეეხება კომპანიის აქტივებს, ის 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 72 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით 2 მილიონი ლარით მეტია.
იმის გამო, რომ საქართველოს ფოსტა საერთაშორისო საფოსტო მომსახურებას ეწევა, კომპანიას ვალდებულება აქვს წარმოშობილი სხვა ქვეყნების ფოსტების წინაშე. ამ ვალდებულებების მოცულობა 2017 წელს 10 მილიონი ლარი იყო. აქედან ყველაზე დიდი, 8-მილიონიანი ვალდებულება ფოსტას რუსეთის ფოსტის წინაშე აქვს, 267 ათასი ლარით მეორე ადგილზე ისრაელის ფოსტაა.
ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ საქართველოს ფოსტას უცხოეთში ორი შვილობილი კომპანია ჰყავს დაფუძნებული - საბერძნეთში Georgian Post (140485301000 Greece) I.K.E. კომპანიის დირექტორი გიორგი კოღუაშვილია.
2018 წლის ივლისში კი, საქართველოს ფოსტამ მეორე შვილობილი დაარეგისტრირა. ამჯერად ჩეხეთში. კომპანიის სახელია შპს ჯორჯიან პოსტ (ჩეხ) 07294816 და მის საქმიანობას წარმოადგენს საფოსტო მომსახურებების მიწოდება და საზღვარგარეთული საფოსტო მომსახურებების უზრუნველყოფა.
ფოსტის აუდიტიდან კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ირკვევა - საქართველოს ფოსტა თამბაქოს ბიზნესშიც არის ჩართული, კერძოდ კომპანია თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციას ეწევა:
“საქართველოს ფოსტის ძირითადი საქმიანობაა, მომხმარებლის უზრუნველყოფა უნივერსალური საფოსტო და გადაზიდვის მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით. ასევე, შპს „საქართველოს ფოსტა“ ეწევა სიგარეტებისა და სხვა პროდუქციის რეალიზაციას, კომუნალური მომსახურების გადასახადების მიღებას, ფულადი გზავნილების მომსახურებას.”
კონკრეტული ვადები, თუ როდის გაიტანს ეკონომიკის სამინისტრო საპრივატიზაციოდ ფოსტას, ჯერ განსაზღვრული არ არის. იმის მიუხედავად, რომ მთავრობამ მსხვილი ობიექტების პრივატიზება დაანონსა, 2019 წლის ბიუჯეტში, პრივატიზების საპროგნოზო მაჩვენებლად კვლავ მინიმალური ოდენობის თანხა - 70 მილიონი ლარია მითითებული.