მთავრობამ ხორბლის ადგილობრივი მწარმოებლების მხარდასაჭერად, მათთან კოორდინაციის შედეგად, დღეს რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა დააანონსა, რომ საზოგადოებას მეხორბლე-ფერმერებისთვის მთავრობის „მაქსიმალური დახმარების“ შესახებ დეტალურ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი გააცნობდა.
ფქვილის საიმპორტო გადასახადის ზრდა და ვადის გახანგრძლივება, ქერსა და ქატოზე 100-ლარიანი საიმპორტო გადასახადის დაწესება - ეს გადაწყვეტილებებია, რომელიც მთავრობამ დღეს მიიღო. ამის შესახებ სხდომის დასრულების შემდეგ კი სოფლის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ ისაუბრა და მეხორბლე-ფერმერების სასარგებლოდ ამოქმედებული მექანიზმების მართებულობა განმარტა.
„ბოლო პერიოდში ფქვილის იმპორტი კვლავ მზარდი ტენდენციით ხასიათდება, რაც განპირობებულია ფასის არასტაბილური ფორმირებით იმ ჭარბი მოსავლით რაც მსოფლიოში არსებობს, აღნიშნულის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დამატებით 50 ლარით, ჯამში 1 ტონა ფქვილის იმპორტის საფასური 250 ლარი დაწესდეს.
გარდა ამისა, მიმდინარე წელმა სტიქიებისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით განაპირობა ის, რომ შედარებით მეტია იმ ხორბლის რაოდენობა, რომელიც საფურაჟედ გამოიყენება, შესაბამისად, ამ კუთხითაც საჭიროა გარკვეული მექანიზმების შემუშავება და დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ქერის იმპორტზე 100 ლარის დამატებითი საფასური გადასახადი დაწესდეს, ასევე ქატოზე, რომელიც ხორბლის გადამუშავების შედეგად მიიღება და აქამდე მასზე განსაკუთრებული რეგულირება არ ვრცელდებოდა. ქატოს შემთხვევაში დამატებითი საიმპორტო საფასური 100 ლარით განისაზღვრება, რომელიც ვფიქრობთ, რომ ძალიან დაეხმარება ადგილობრივი ხორბლის მომხმარებელს მათ მიერ მოყვანილი ხორბლის რეალიზებაში იმ ფასად, რომ მათ საქმიანობის გაგრძელება მოახერხონ და ქვეყნის ეკონომიკაში იმ წვლილის შეტანა, რომელიც მზარდი ტენდენციით ხასიათდება.
ბუნებრივია ვადა გახანგრძლივდება. შეჯერებული ვერსიით ეს მექანიზმი 1 მარტამდე იმოქმედებს. დავაკვირდებით ვითარებას და ჩარევის თუ რაიმე საჭიროება იქნება ან მანამდე ან მას შემდეგ, შესაბამისად ვიმოქმედებთ“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილებები პურის ფასზე არ იმოქმედებს და პური არ გაძვირდება.
„ფქვილის იმპორტი საფასურის ზრდა არანაირად არ იმოქმედებს პურის ფასზე და პურის გაძვირების არანაირი რისკი არ არსებობს. შესაბამისად, ეს კომპლექსური გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ადგილობრივი ხორბლის რეალიზებას“, - განაცხადა ნასარიძემ.
ცნობისთვის: ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და რუსული ფქვილის იმპორტზე 200 ლარიანი გადასახადი დააწესა, რასაც რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტი თანაბარ კონკურენტულ პირობებში უნდა ჩაეყენებინა. თუმცა როგორც მარცვლეულის მწარმოებლები აცხადებდნენ, ამ გადაწყვეტილებამ მდგომარეობა ვერ გამოასწორა. რუსული ფქვილი კვლავ დაბალ ფასად შემოდის, რის გამოც ადგილობრივი ხორბლის ჩაბარება ვერ ხერხდება. მეხორბლეები ამბობენ, რომ წისქვილები ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ფასად ხორბალს არ იბარებენ.