მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ჰაწვალის საბაგიროს ჯართში ჩააბარებს და მის ადგილზე 35 მილიონად ახალს აშენებს

611372b7efc31
შოთა ტყეშელაშვილი
11.08.21 10:46
14058
მთავრობა სვანეთში მდებარე ჰაწვალი-ზურულდის საბაგიროს ჯართში ჩააბარებს. საბაგირო 2010 წელს გაიხსნა და გასული 10 წლის განამვლობაში იყო ექსპლოატაციაში. წელს საბაგირო გზა სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ შეისწავლა, რომლის დასკვნითაც ის უსაფრთხოების სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. მეტიც, როგორც ირკვევა, საბაგიროს, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში ეკონომიკის სამინისტროს “მთის კურორტების განვითარების კომპანია” მართავდა, საერთოდ არ გააჩნია ტექტნიკური დოკუმენტაცია, ხოლო მისი ბოძების ფუნდამენტი “არასწორად იყო ჩასხმული”. დასკვნის მიხედვით, მთელი ამ წლების განმავლობაში საბაგირო გზას არცერთხელ არ ჩატარებია ტექნიკური დიაგნოსტიკა. დასკვნაში ხაზგასმულია პრობლემები სავარძლების მომჭერებთან დაკავშირებითაც.

ამ დასკვნის გათვალისწინებით, “მთის კურორტების მართვის კომპანიამ”, რომელსაც ახლა “ემ თი ეი” ჰქვია გადაწყვიტა არსებული საბაგირო ჯართში ჩააბაროს და ახალი საბაგიროს მშენებლობისთვის ავსტრიულ კომპანია “დოპელმაიერთან” გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტი გააფორმოს. შესყიდვის მთლიანი მოცულობა 35 მილიონ ლარამდეა.

“ჰაწვალი-ზურულდის საბაგიროს დემონტაჟისა და მის მაგივრად ახალი საბაგიროს (საჭირო ინფრასტრუქტურასთან ერთად) მოწყობისათვის აუცილებელი საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვას შპს „ემ თი ეი“ გეგმავს ავსტრიული კომპანია „Doppelmayer”-ისა და შპს „დოპელმაიერ საუს კაუკაზუსისგან“ ერთობლივად. ამ მიმწოდებლებისაგან მოწოდებული ფასის მიხედვით, ჰაწვალი-ზურულდის არსებული დაზიანებული საბაგირო გზის დემონტაჟისა და მის ადგილას ახალი საბაგიროსა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და მისი ექსპლუატაციაში გაშვებისთვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების საერთო ღირებულება - დაახლოებით შეადგენს 34 793 887 ლარს (დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით), რომელიც №1362 (06.08.2021) განკარგულების შესაბამისად, 6 850 000 ლარის (მათ შორის დღგ-ს თანხა 1 000 000 ლარი) ნაწილში დაფინანსდება შპს „ემ თი ეისთვის“ „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებებით, ხოლო დანარჩენ ნაწილში (27 943 887 ლარი) - „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანხებით.

არსებული საბაგიროს ადგილას მოწყობილი ახალი გონდოლას ტიპის საბაგირო გზა (10 კაციანი) უზრუნველყოფს საათში 1 800-დან 2 400-მდე მგზავრის გადაყვანას (გონდოლების რაოდენობის მიხედვით),”- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.

რამდენიმე თვის წინ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა “მთის კურორტების განვითარების კომპანიის” ანგარიში, საიდანაც ირკვევა, რომ გასული წლების განმავლობაში კომპანიამ 159 მილიონი ლარის ღირებულების საბაგიროებისთვის ხელშეკრულებები გააფორმა ისე, რომ ამ პროექტებისთვის სამშენებლო ნებართვები არ არსებობდა. აუდიტის შეფასებით, პრობლემურია, როდესაც სახელმწიფო კომპანია უნებართვო მშენებლობას ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები