პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იაღლუჯას მთის მასივზე იწყება მიწების რეგისტრაციის პროცესი, რომელიც შეეხება ათასობით ოჯახს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ვინაიდან წლებია უკვე, მოსახლეობა ითხოვს აღნიშნული მიწების დაკანონებას, მათ საკუთრებაში გადაცემას, ხოლო ამ რთული, კომპლექსური სამართლებრივი პროცესის შედეგად ეს შესაძლებელი ხდება,“- აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საკითხის შესწავლისა და მისი სამართლებრივად მოწესრიგებისთვის იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართულია იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, შესაბამისი მუნიციპალიტეტები და სხვა სახელმწიფო უწყებები. სამუშაო ჯგუფმა საკითხის კომპლექსურობისა და სირთულის გათვალისწინებით შეისწავლა არსებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ტერიტორიის თავისებურებები და განსაზღვრა პრობლემის მოგვარების სამართლებრივი გზები და პროცედურები.
სარეგისტრაციო პროცესი იწყება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც წლების განმავლობაში ჰქონდათ სირთულეები იაღლუჯის მთის მასივზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
სარეგისტრაციო პროცესში შესაბამისი უწყებები საჭიროებისამებრ ჩაერთვებიან თითოეული საკითხის შესწავლის მიზნით, შეაფასებენ მოქალაქეების ხელთ არსებულ დოკუმენტებსა და სამართლებრივ საფუძვლებს. აღნიშნულის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიიღებს გადაწყვეტილებას კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მოქალაქეებს, რომლებსაც 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საჯარო რეესტრის ციფრულ პლატფორმაზე (Slr.napr.gov.ge) წარდგენილი ჰქონდათ განცხადება მიწის ნაკვეთის აზომვის მოთხოვნით, ამ ეტაპზე ხელახლა განცხადების წარდგენა ან დამატებითი ინფორმაციის მიწოდება არ სჭირდებათ. სააგენტო უკვე ფლობს მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებს და პროცესის ფარგლებში განიხილავს. კერძოდ, საჯარო რეესტრი თავად მოიძიებს ყველა საჭირო დოკუმენტს, რაც რეგისტრაციისათვის არის კანონით სავალდებულო.
დაინტერესებული პირები იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების შესახებ უახლოეს მომავალში მიიღებენ შეტყობინებას რეგისტრაციის პროცესის დაწყებისა და დამატებით დოკუმენტაციის შესახებ, რომელთა წარდგენაც შესაძლოა, გახდეს აუცილებელი იუსტიციის სახლებსა და საჯარო რეესტრის ფილიალებში.
მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ მიწის ნაკვეთზე საკუთრების დასადგენად დამადასტურებელი დოკუმენტები, ასევე, შეუძლიათ, მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სპორადული რეგისტრაციის მოთხოვნით.
























