ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა.
ეკონომიკის სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ ტენდერი დედოფლისწყაროში მდებარე მე-12 ბლოკზე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 27 იანვარს დასრულდება და იმავე დღეს გამარჯვებული კომპანიაც გამოვლინდება.
სააგენტოს ინფორმაციით, 11 ნოემბრიდან კომპანიებს შეუძლიათ წერილობით მიმართონ იმაზე, თუ რა პირობებით გასცემენ ამ ბლოკზე ლიცენზიას. ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მხოლოდ ის წერია, რომ ტენდერში მონაწილეობის მსურველებს უნდა ჰქონდეთ ნავთობის და გაზის ძებნა-ძიების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.
აღსანიშნავია, რომ მე-12 ბლოკზე ლიცენზიას ამერიკული კომპანია “ფრონტერა" ფლობდა, რომელთანაც სახელმწიფომ კონტრაქტი 2020 წელს გაწყვიტა და საკონტრაქტო ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელების უფლება აღარ ექნებოდა.