"ოცნების მთავრობაში" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, ავტომობილების იმპორტიორებს შეხვდა. უწყების ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრის მთავარი თემა ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მართვის საკითხები და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება იყო.
ცნობისთვის, ამ დროისთვის ძალაში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების 4 რეგლამენტია, რომელიც მეორადი საბურავების, ზეთების, აკუმულატორებისა და ელექტრონული მოწყობილობების შეგროვებას არეგულირებს. ამ დრომდე არ დამტკიცებულა დარჩენილი ორი - შესაფუთი ნარჩენებისა და მეორეული ავტომობილების შესახებ რეგლამენტები.
როგორც პავლიაშვილმა აღნიშნა, ახალი რეგულაციების წარმატებით განხორციელებისთვის კერძო სექტორთან აქტიური კომუნიკაცია და შეთანხმებული პოზიციები კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
"ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, უკვე მიღებული გვაქვს 4 ტექნიკური რეგლამენტი, რომლებიც ეხება ბატარეებს, აკუმულატორებს, საბურავებს, ელექტრო და ელექტრონულ ნარჩენებს და ნარჩენ ზეთებს. ერთ-ერთ გამოწვევად რჩება ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მართვა ლოგისტიკა, დახარისხება, სეპარირება, რეციკლირება", - თქვა პავლიაშვილმა.
სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, უწყება გეგმავს, რომ ELV-ის ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიღებამდე, ყველა საკითხი ბიზნესსექტორთან იყოს შეთანხმებული. ეს მიდგომა უზრუნველყოფს იმას, რომ ახალი სისტემა რეალისტური და ეფექტიანი იყოს იმპორტიორებისთვის.
უწყებისვე ცნობით, მოსამზადებელი ტექნიკური რეგლამენტის მიზანია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების პრინციპის დანერგვა და აღნიშნული ნარჩენების მართვის მკაცრი წესების განსაზღვრა.
მთავარი ამოცანაა, მანქანის ნარჩენების წარმოქმნის მაქსიმალური პრევენცია, ნარჩენების ხელახალი გამოყენების, რეციკლირების ან სხვაგვარად აღდგენის უზრუნველყოფა.
„მინდა აღვნიშნო, რომ ნარჩენების მართვა გარემოს დაცვის მნიშვნელოვანი მდგენელია. ამასთან ერთად, გარემოზე ზრუნვა ბიზნესსექტორის მნიშვნელოვანი სოციალური პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა პავლიაშვილმა.




























