მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მთავრობა კომერციულ ატაშეებს ნიშნავს უცხოეთში მაშინ, როცა საელჩოების უმრავლესობა უსაქმურად არის"

5bc32432593d7
თელარა გელანტია
14.10.18 15:09
1093
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ, დეპუტატ რომან გოცირიძის შეფასებით, ინვესტიციების მოზიდვით სწორედ საელჩოები უნდა იყვნენ დაკავებულები და ახალი ხარჯიანი სამსახურის შექმნა არაა საჭირო.

ამის შესახებ გოცირიძე Facebook-ის პირად გვერდზე წერს:

„მთავრობა კომერციულ ატაშეებს ნიშნავს უცხოეთში, რომელზეც დამატებითი ფული უნდა დაიხარჯოს, მაშინ როცა საელჩოების უმრავლესობა არის უსაქმურად და იქ მომუშავე ადამიანები მინიმალურად არიან დატვირთულები. სწორედ საელჩოები უნდა იყვნენ ინვესტიციების მოზიდვით დაკავებულები და საკუთარი რესურსებით და კვალიფიციური კადრებით უნდა აკეთებდნენ ამას და არა - რაღაც ახალი და ხარჯიანი სამსახურების შექმნით. საუკეთესო გზა კი არის მთავარ პარტნიორ ქვეყნებში, გარკვეული დროით, უცხოური კომპანიების დაქირავება, რომელთა ანაზღაურება დამოკიდებული იქნება კონკრეტულ შედეგზე. ასეთი სისტემა არსებობს მაგალითად, ჰონგ კონგში, რომლის შესახებაც ახლახან ისაუბრა ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ, რომელიც თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, ამ რეგიონს კარგად იცნობს“, - წერს გოცირიძე.

ცნობისთვის: ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს 6 კომერციული ატაშე ამ დრომდე არ შეურჩევია.

უწყებამ კომერციული ატაშეების შერჩევის პროცესი მიმდინარე წლის მარტში დაიწყო.

რამდენიმე თვის წინ (აგვისტოში), როცა bm.ge-მ ეს თემა მოიკითხა, სამინისტროში განაცხადეს, რომ კომერციული ატაშეების თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსზე 100-ზე მეტი განაცხადი შევიდა და მათი შერჩევის პროცესი მიმდინარეობდა.

Bm.ge-ის კითხვას - ეყოლება თუ არა საქართველოს 6 კომერციული ატაშე შერჩეულ ქვეყნებში თუ იცვლება რეფორმა, ეკონომიკის მინისტრმა შემდეგი პასუხი გასცა:
„ჯერ ვფიქრობთ; ვფიქრობთ, როგორ ავაწყოთ საელჩოებთან კოორდინაცია, რომ კომერციული ატაშის ინსტიტუტი მაქსიმალურად ეფექტური იყოს“, - აღნიშნა ქობულიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები