მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავრობა მასობრივად ადამიანების მოსყიდვით არის დაკავებული"

5bf282e2a2ba5
BM.GE
19.11.18 13:30
1353
მთავრობის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც 600 000-მდე პირს ჯამში 1.5 მილიარდ ლარამდე ვალდებულება გაუნულდება, ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი აფასებს.


„მრავალი პოლიტიკოსი, განსაკუთრებით მთავრობის წარმომადგენლები დაკავებულია ანტისაბანკო პოპულიზმით და ცდილობს წინასაარჩევნოდ ქულების დაწერას სხვადასხვა განცხადებებითა და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, კონკრეტული ქმედებებით. მაგალითად, დღეს მთავრობამ დააანონსა ვალების ჩამოწერის შესახებ. მოდი გავყვეთ ამ ყველაფერს:

1. მთავობა საუბრობს ჭარბვალიანობაზე და იმაზე, რომ მასთან ბრძოლა ყველაზე დიდი გამოწვევაა, რაც გააჩნიათ. ეს არის ტყუილი. როგორ შეიძლება გავზომოთ ჭარბვალიანობა?

მოსახლეობის რა ნაწილს აქვს სესხი? საუბრობენ, რომ საქართველოში მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს სესხი. ეს რიცხვი სულ რომ 80% იყოს (რაც ასე არ არის), მაგალითად, იგივე რიცხვი აშშ-ში ასევე საშუალოდ 80%-ია.

ეკონომიკის რა ნაწილი აქვს ქვეყანას ვალი (external debt to GDP); ეს რიცხვი საქართველოსთვის დაახლოებით 110%-ია და მსოფლიოში სიდიდის მიხედვით ასეულშიც არ შედის. ჩვენზე „ცუდი“ მაჩვენებელი აქვს უამრავ კარგ ქვეყანას (და ცუდ ქვეყანას). მაგალითად, ლუქსემბურგი 6300%, ირლანია 684%, ჰოლანდია 522%, სინგაპური 453%, დიდი ბრიტანეთი 313%, შვეიცარია 269% და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ამ რიცხვის სიდიდეში ცალსახად ცუდი არაფერი არ არის. ცუდია, როცა მთავრობის ვალის ხარჯზეა ეს რიცხვი დიდი, რასაც ქვემოთ შევეხებით;

რამდენი საგარეო სესხი (კერძოც და საჯაროც) მოდის ერთ ადამიანზე? საქართველოში ეს რიცხვი დაახლეობით 3 900 დოლარია. რა თქმა უნდა ჩვენზე მდიდარ ქვეყნებში ეს რიცხვი გაცილებით დიდია და შედარებაც არ არის სწორი, რადგან სულ მცირე გადახდისუნარიანობაა სხვადასხვა. საშუალოდ, რაც უფრო მდიდარია ქვეყანა, მით მაღალი მაჩვენებელია ერთ სულზე;

ჭარბვალიანობა პრობლემა მაშინაა, როცა მთავრობა იღებს ბევრ ვალს, რაც შემდეგ მომავალი თაობების გადასახდელია. მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში 2012 წელს დაახლოებით 34% იყო ვალი/მშპ; ახლა დაახლოებით 43-44%-ია. ეს კი სერიოზული პრობლემაა. 2019 წელს ვალის მომსახურებაში დაახლოებით 2.75 მილიარდ ლარს ვიხდით. ესეც კატასტროფაა. ამ დიდი ვალის გამომწვევი მთავარი მიზეზი არის მთავრობ და არა ბანკები, მიკროსაფინანსოები ან ლომბარდები;

მთავრობას შეუძლია მხოლოდ ერთი კარგი რამ გააკეთოს. აიღოს ნაკლები და არა მეტი ვალი. იმ ინიციატივას, რაც პრემიერმა გააჟღერა, ჭირდება კიდევ მეტი ვალის აღება და არა ნაკლების. ვალის აღებით ვალის გასტუმრება შეუძლებელია იყოს წინ გადადგმული ნაბიჯი;

2. მთავრობა ამბობს, რომ 1.5 მილიარდი ლარის ვალებს ჩამოაწერს დაახლოებით 600 000 ადამიანს. ესაა ამ 600 000 ადამიანიდან ერთ ადამიანზე 2 500 ლარი. რა თქმა უნდა იმ 600 000 ადამიანს გაუხარდება ეს ინიციატივა და ნებისმიერ საპირისპირო აზრთან აგრესიულები იქნებიან. სწორედ ამაში მდგომარეობს მთავრობის, როგორც ინსტიტუტის ბოროტება, როდესაც დაკავებულია მასობრივად ადამიანების მოსყიდვით. თუ ამას აკეთებს კერძო სექტორი, მაშინ თავისტკივილი ისეთი არ იქნება, როგორც ამ პოსტშია აღწერილი. თუმცა, ნაკლებ სავარაუდოაეს არ მოხდეს ბიუჯეტის ხარჯზე. ყველას გვახსოვს ის კაცი თავისი ჯიბიდან პირდებოდა ხალხს, მაგრამ მთავრობას აკიდა.

ყველამ კარგად ვიცით თუ რატომ ხდება ახლა, წინასაარჩევნოდ, ამ ნაბიჯის გადადგმა. ეს უკავშირდება იმ პოპულიზმს, რომ ხვდებიან ხელისუფლებიდან მათი წასვლა გარდაუვალია და მზად არიან მთელი ქვეყანა ჩაიყოლონ იმ ხევში, სადაც ისინი გადავარდებიან ძალიან მალე;

1.5 მილიარდი ლარი არის თითოეული მოქალაქის მიერ გადასახადებში გადახდილი თანხა. ეს ნიშნავს მაგალითად, საშემოსავლო გადასახადის განახევრებას 2019 წელს. ანუ თითოეული დასაქმებული თუ ყოველი 1 000 ლარიდან იხდის 200 ლარს ბიუჯეტში, ის გადაიხდიდა 100 ლარს;

ვალების ერთჯერადი ჩამოწერა ვერ გააჩერებს იმ პროცესს, რაც მიმდინარეობს. არავის ეხალისებოდა ვალების აღება. ამ ხალხმა ვალი აიღო, რადგან უჭირდა და ვერ გადაიხადა სწორედ ამ მიზეზით. გაჭირვებას ეშველა რამე? არა! მანამ, სანამ ქვეყანაში არ შემცირდება სიღარიბე და არ გვექნება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, მოსახლეობა ისევ ისესხებს ფულს და ისევ ვერ გადაიხდის იგივე რაოდენობის ადამიანები. იგივე მდგომარეობაში, რაც დღეს ვართ აღმოვჩნდებით რამდენიმე ხანში და ეს 1.5 მილიარდი ლარი დაგვრჩება ჰაერში გადაყრილ ფულად;

ყველას გვახსოვს ლარიზაციაზე გამოყოფილი 60 მილიონი და შემდეგ აქედან ჰაერში გაფლანგული რამდენიმე ათეული მილიონი ლარი. მიდგომა იყო დაახლოებით იგივე. ადამიანებს მთავრობა ვითომ ეხმარებოდა, რომ კურსის ცვლილება აეცილებინათ თავიდან. ეს ფული კონკრეტულ ადამიანებს დაეხმარა, ისევე, როგორც ამ ფულის დარიგება დაეხმარებოდა ადამიანებს, მაგრამ შედეგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ მდგომარეობა არათუ გამოსწორდა, არამედ გაუარესდა;

მთავარი გამოწვევა, რაც ქვეყანას აქვს არის სიღარიბე და არა მოგონილი მტერი ბანკების და სესხების სახით. ექვსი წელია ვუყურებთ იმას, რომ დასაქმების პრობლემა არაა გადაწყვეტილი და სიღარიბე პირიქით გაიზარდა ბოლო წლებში (იხილეთ საქსტატის და სხვა კვლევები). მთავრობის ეს ნაბიჯები ამცირებს სიმდიდრეს? არა. ესეიგი ეს გამოსავალი არ არის;

3. არიან თუ არა ბანკები მტრები და არის თუ არა საბანკო მმართველობა ქვეყანაში?

შეუძლებელია ბიზნესი იყოს მტერი თუ ის არ თანამშრომლობს ქვეყნის მტერთან და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს არ ახორციელებს. არ არსებობს ქვეყანა, სადაც ბანკები უყვართ. შეუძლებელია გიყვარდეს მევალე, მაგრამ რომ არა ბანკები, კაცობრიობა იჯდებოდა ისევ ჯუნგლებში. ბანკი იყო და არის ერთადერთი საშუალება რესურსების მოზიდვის და ინვესტირების. ეს უკანასკნელი კი ერთადერთი საშუალებაა გამდიდრების. მეტი საშუალება ბუნებაში არ არსებობს;

საფინანსო სექტორი პირდაპირ დაახლოებით 31 000 ადამიანს ასაქმებს და ამ სექტორში არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ანაზღაურება; ეს სექტორი იზრდება ყველაზე მეტად. დაახლოებით 10%-ის ფარგლებში. მაგალითად, სოფლის მეურნეობის სექტორი მეორე წელია მცირდება არათუ იზრდება;

არის ამ ქვეყანაში საბანკო მონოპოლია? არა. ოლიგოპოლია? მეტწილად არა. საქართველოში 18 ბანკია. აქედან ბაზრის დიდი წილი ოთხ ბანკს უკავია. ეს არაფერ ცუდს არ ნიშნავს და ბუნებრივია. მსგავს ბიზნესს როდესაც ეხება საქმე, ყველგან რამდენიმე მოთამაშეა განსხვავებით მაგალითად თონესგან, რომლის გახსნაც და მართვაც ბევრად ნაკლებ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ვიდრე ბანკის გახსნა და მართვა. მაგალითად, აშშ-ში ასევე ოთხი ბანკი ფლობს ბაზრის ძირითად წილს JPMorgan, WF, BOA და სითიბანკი;

არის თუ არა საქართველოში მაღალი საპროცენტო განაკვეთები? თუ შევადარებთ ბელგიას, ნამდვილად არის. თუ შევადარებთ რეგიონს - არა. გასათვალისწინებელია, რომ ბელგია ჩვენზე 8-ჯერ და მეტჯერ მდიდარია;

პრობლემა თუ არსებობს საბანკო ბაზარზე, ეს პრობლემა შექმნა მთავრობამ და უნდა მოაგვაროს მთავრობამ. პრობლემა შეიქმნა რეგულაციებით და პრივილეგიებით. რეგულაციები პირველ რიგში დიდ ბანკებს აწყობთ, რადგან ისინი მარტივად გადალახავენ ამ შეზღუდვებს, ხოლო პატარა ბანკები ბაზრიდან ვარდებიან და ვიღებთ ნაკლებად კონკურენტულ გარემოს. იგივე ეხება პრივილეგიებს. მაგალითად, მთავრობის მავნებლური საპენსიო რეფორმა უამრავ ფულს აძლევს რამდენიმე მსხვილ ბანკს. ეს კი რა თქმა უნდა კონკურენციას ვნებს;

რა შეიძლება გააკეთოს მთავრობამ? ერთადერთი სწორი გამოსავალია წაიღოს უკან საპენსიო რეფორმა და დაიწყოს ფინანსური სექტორის დერეგულირება. ესაა ერთადერთი გამოსავალი კონკურენციის გაზრდის, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების და საპროცენტო განაკვეთების კიდევ უფრო შემცირების. ესაა ერთადერთი გზა საპროცენტო განაკვეთების შემცირების;

სწორია საპროცენტო განაკვეთებზე ზღვრების დაწესება? არა. ესაა იგივე ფასების კონტროლი. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს მთავრობამ რამდენჯერმე გააკეთა, ამის მიუხედავად, საპროცენტო განაკვეთების შემცირების ტემპის აქსელერაცია არ მომხდარა. მეტიც, გარკვეულ შემთხვევებში სესხის აღება გართულდა.

რომ შევაჯამოთ, სესხს ვიღებთ იმიტომ, რომ გვიჭირს. და არა იმიტომ, რომ გვეხალისება. გაჭირვებაა გამოწვევა. მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები გაჭირვების აღმოფხვრისკენ არაა მიმართული. ის მიმართულია ადამიანების მოსყიდვისკენ წინასაარჩევნოდ და აზიანებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. თუ ადამიანს ურთულებ სესხის აღებას, შენ მას უბიძგებ უფრო მაღალ პროცენტში აიღოს სესხი ბანკისგან, მიკროსაფინანსოსგან თუ მეზობელი თემურისგან, რომელიც მევახშეა და ბევრად გაუსაძლის პირობებში აყენებს მას, ვიდრე ინსტიტუზებული გამართული ბიზნესი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები