მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა მესტიის საპრეზიდენტო რეზიდენციას ყიდის, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია არსად დევს

5ccd7b3a4f432
თელარა გელანტია
04.05.19 18:00
1819
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თინათინ ჩაჩანიძის განცხადებით, ე.წ. მესტიის საპრეზიდენტო რეზიდენცია საპრივატიზაციოდ მზადაა.

"ზუსტად ანალოგიური ვითარება გვაქვს იქაც, როგორც "წყნეთის სამთავრობო აგარაკების" შემთხვევაში", - განაცხადა bm.ge-თან ინტერვიუში თინათინ ჩაჩანიძემ, მაგრამ ობიექტის საწყისი საპრივატიზაციო ფასი ვერ დაასახელა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ვერც ის გაიხსენა, არის თუ არა გამოქვეყნებული ინფორმაცია სააგენტოს ვებ გვერდზე იმასთან დაკავშირებით, რომ ობიექტი იყიდება.

Bm.ge-მ გადაამოწმა და როგორც ე.წ. "წყნეთის სამთავრობო აგარაკების" შემთხვევაში, ისე "მესტიის საპრეზიდენტო რეზიდენციის" შემთხვევაშიც, ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ გვერდზე არ დევს არანაირი ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, რომ მთავრობა აღნიშნულ ობიექტებს ყიდის.

შეგახსენებთ, მესტიის საპრეზიდენტო რეზიდენციის უკვე რამდენიმე წელია უფუნქციოდ დგას.

ინტერნეტგამოცემა TSpress.ge-ის ინფორმაციით, ერთსართულიანი ხის შენობა, დაახლოებით, 1000 კვ.მ მიწის ფართობზეა აგებული. შენობაში 7 საძინებელი, ამდენივე მისაღები ოთახი და აბაზანაა განთავსებული, ასევე, სამზარეულო, საკონფერენციო დარბაზი და დაახლოებით 150 კვ მ.მისაღები ოთახი. სიდიდითა და განსხვავებული დიზანით გამოირჩევა პრეზიდენტისთვის დასასვენებელი ოთახები. მის ოთახს აბაზანასთან ერთად, საუნაც ესაზღვრება. შენობის მოპირდაპირედ, ორი დამხმარე ნაგებობა დგას, სადაც დაცვა და ტექპერსონალია განთავსებული.

Bm.ge-ის ინფორმაციით, რეზიდენციის საბაზრო ღირებულება 4 მლნ ლარამდეა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები