მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა მილიონ მოქალაქეს ელექტროენერგიის ნაზარდ ტარიფს დაუსუბსიდირებს

61e51628d5279
ინგა მურუსიძე
17.01.22 11:08
8054
მილიონ ადამიანს ელექტროენერგიის ნაზარდი ტარიფი დაუსუბსიდირდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, გადაწყვეტილება ამოქმედდება იანვრიდან და ძალაში იქნება მთელი წლის განმავლობაში.

„ჩვენი გადაწყვეტილებით, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, დაახლოებით მილიონ ადამიანს დავუსუბსიდირებთ ელ.ენერგიის ტარიფის ნაზარდს. ეს შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს, 150 ათასი ქულის ქვემოთ სოციალური ქულის მქონეებს. მოგეხსენებათ, ჩვენ აღნიშნული პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყების დღიდან, გრძელდებოდა 2 წელი, იანვარში შეწყდა და ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროგრამა გაგრძელდეს. მოსახლეობის იმ ფენას, ვინც ყველაზე მეტად გაჭირვებულია, დავუსუბსიდირებთ ელექტრნოენერგიის ნაზარდს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


რა შეიცვალა აქამდე მოქმედ სუბისიდრების მოდელში?

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 1-ელი იანვრიდან სემეკ-მა (ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია) საქართველოში ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი დაამტკიცა, თუმცა მთავრობამ საყოფაცხოვრებო და კომერციული აბონენტების ნაწილის ტარიფი დაასუბსიდირა და მომატებული ხარჯი ბიუჯეტიდან დაფარა. 

კერძოდ, "თელმიკოს" და "ენერგო-პროს" ქსელებში მატება თითოეულ კატეგორიაზე 3.5 თეთრით განისაზღვრა. მაშინდელი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ტარიფების მატება მოსახლეობის ჯიბეზე რომ არ გადასულიყო, სახელმწიფომ სუბსიდირების ახალი პროექტი დაიწყო, რომლითაც ახალ და ძველ ტარიფებს შორის სხვაობა დააფინანსა. ყველა საყოფაცხოვრებო აბონენტს, რომელიც თვეში 300 კილოვატამდე დენს მოიხმარდა, 3.5 თეთრი ბიუჯეტიდან უფინანსდებოდა. ეს ერთ აბონენტზე თვეში მაქსიმუმ 10.5 ლარი იყო. "თელასის" ქსელში ჩართულმა 456 ათასმა აბონენტმა, თვეში დენის ტარიფზე საშუალოდ 4.16 ლარის სუბსიდია მიიღო, "ენერგო-პროს" 809 ათასმა აბონენტმა კი თვეში საშუალოდ 3.70 ლარის.

სემეკ-ის მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში ამ სუბსიდიაზე 54.2 მილიონი ლარი დაიხარჯა. 

როგორც დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა დაანონსა, ამჯერად სახელმწიფო ნაზარდ ტარიფს მხოლოდ 150 ათასი ქულის ქვემოთ სოციალური ქულის მქონეებს დაუსუბსიდირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები