მთავრობა ნატურალური წვენებისა და სპირტიანი სასმელების რეგლამენტირებას აპირებს. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ნატურალური წვენების რეგლამენტირების მოთხოვნა ბიზნესიდან წამოვიდა და საკითხზე სამინისტრო მუშაობს. რაც შეეხება სპირტიანი სასამელების რეგლამენტს, მინისტრის განმარტებით, საქართველოში აქამდე არ ხდებოდა ისეთი პროდუქციის წარმობა როგორიცაა ჯინი და ვისკი, შესაბამისად არც რეგლამენტის საჭიროება იყო.
შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე თვის წინ მინისტრი ამბობდა, რომ წვენების რეგლამენტზე მუშაობის დაწყება არ იგეგმებოდა.
კომპანიების ნაწილი წვენების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შემოღებას ბოლო პერიოდში აქტიურად ითხოვს. მათ შორის კომპანია “კამპაც”. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი „საქმის კურსთან“ ამბობდა, რეგულაციის შემოღებით განისაზღვრება როგორც ეტიკეტირების სტანდარტები, ისე ბაზრის მოთამაშეებს შორის დარეგულირდება თამაშის წესები.

























