საქართველოს მთავრობა პარლამენტს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის ახალ ვარიანტს სავარაუდოდ, 5 ნოემბერს წარუდგენს. როგორც ბიზნესკონტრაქტს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ცოტნე ყავლაშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე სამთავრობო უწყებებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს.
"ახლა აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს ახალი საპარლამენტო არჩევნებიდან გამომდინარე, ახალი რეალობის გათვალისწინებით და გადამუშავებულ ვარიანტში იქნება ყველა ის სიახლე ასახული, რაზეც შეჯერდება საქართველოს მთავრობა - ფინანსთა სამინისტრო დარგობრივი უწყებები ერთად. წარმოდგენილ ბიუჯეტში პრიორიტეტები აუცილებლად იქნება როგორც სოციალური დაცვა და ჯანდაცვა, ასევე განათლება, ინფრასტრუქტურა და სოფლის მეურნეობა", - განაცხადა ყავლაშვილმა.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსებას, მინისტრის მოადგილე ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, გაიზრდება, თუ არა. დღეს არსებულ ვარიანტში მიმდინარე წელთან შედარებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 57 მილიონი ლარით არის შემცირებული და 238 მილიონ 140 ათას ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, შესაძლოა, მომავალი წლისთვის უკვე განსაზღვრული მაკროეკონომიკური პარამეტრებიც გადაიხედოს.
"რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელსა და ინფლაციის პროგნოზს, ამაზეც ვმუშაობთ. მიმდინარე წლის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით პოზიტიური სიგნალები არის სავალუტო ფონდისგან. ამის შესახებ კონსულტაციები მიმდინარეობს როგორც მთავრობის შიგნით, ისე - დონორ ორგანიზაციებთან“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი ამ ეტაპზე 10 მილიარდ 555 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.

























