მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა PPA-ენერგოპროექტების ინვესტორებს განახლებისთვის 4-თვიან ვადას აძლევს

637380b277d4d
ვიქტორია მღებრიშვილი
15.11.22 16:50
1396
სახელმწიფო გაჩერებული ენერგოპროექტების განახლებისთვის ინვესტორებს 4-თვიან ვადას აძლევს. ამის შესახებ დღეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრაზე გახდა ცნობილი, სადაც ენერგეტიკის დარგს სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი მხარდაჭერის ახალი CFD-მექანიზმი გააცნეს.

შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ დარგის წარმომადგენლებს ახალი მექანიზმი წარუდგინა. პრეზენტაციისას ერთ-ერთი საკითხი სწორედ მიმდინარე PPA-პროექტების შესრულებას შეეხებოდა. როგორც წარმოადგენილ სლაიდზე იყო აღნიშნული, იმ შემთხვევაში, თუ შეჩერებული მსხვილი ენერგოპროექტების სამუშაოები ოთხ თვეში განახლდება, მაშინ შესრულების ვადები დაკორექტირდება, ხოლო სატარიფო და სხვა ძირითადი პირობები უცვლელად დარჩება. იმ შემთხვევაში კი თუ 4-თვიან პერიოდში მიმდინარე PPA-პროექტთან მიმართებით მატერიალურ პროგრესს ვერ დაინახავს, სახელმწიფო ამ პროექტებს დაიბრუნებს და მათ შესასრულებლად ინვესტორთა შერჩევას დღეს წარდგენილი ახალი სქემით განახორციელებს.

დიდი კაშხლების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე დავით მირცხულავა აღნიშნულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ გაჩერებული ენერგოპროექტების ასამოქმედებლად ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

„უამრავი პროექტია გაცემული და რეალურად არაფერია გაკეთებული, თუნდაც ის, რომ კვლევითი სამუშაოებიც არ არის ზოგ პროექტზე ჩატარებული და ტექნიკურ-ეკონომიური დასაბუთება არ გაკეთებულა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ეს 4-თვიანი პერიოდი ძალიან სამართლიანია და თუ დეველოპერმა არაფერი გააკეთა, სახელმწიფოს პროექტის წამოღება მოუწევს“, - განაცხადა დავით მირცხულავამ და დასძინა, რომ სახელმწიფო ხუდონჰესის, ნამახვანჰესისა და ნენსკრაჰესის პროექტებზე ინვესტორებთან მუშაობს, რადგან ეს პროექტები ქვეყნის ენერგეტიკისთვის მნიშვნელოვანია.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანი პროექტებია ენერგეტიკისთვის, ამ პერიოდმა ნათლად აჩვენა, რომ იმპორტის შემცირებისთვის და ქარის და მზის ინტეგრაციისთვის წყალსაცავიანი სადგურები გამოიყენება. ამიტომ ასეთ პროექტებში სახელმწიფოს და შემდეგ ინვესტორის შემოყვანა აუცილებელი იქნება.

მოგეხსენებათ, ეს პროექტები (ხუდონჰესი, ნამახვანჰესი, ნენსკრაჰესი) იყო გაცემული და იმდენი პრობლემა წარმოეშვა ინვესტორს, რომ ისინი გავიდნენ, ამიტომ სახელმწიფომ უნდა მოიფიქროს, რომ გარკვეული პერიოდი თვითონ მოაგვაროს საკითხები და მშენებლობის პერიოდის დაწყების მზაობისთვის შემოიყვანოს ინვესტორი. ეს იქნება სწორი“, - განაცხადა დიდი კაშხლების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ.

გაჩერებული ენერგოპროექტების სახელმწიფოსთვის დაბრუნებისა და ახალი ინვესტორების შერჩევის გადაწყვეტილებას ემხრობა განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილიც. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას მან თქვა, რომ ბევრი პროექტია ისეთი, რომლის განხორციელებისთვის დეველოპერს ადამიანური და ფინანსური რესურსი არ ჰყოფნის.

„სახელმწიფო თავად კი არ განახორციელებს ამ პროექტებს, არამედ დაიბრუნებს ამ პროექტებს, რომ ახალ ინვესტორებს გადასცეს. ჩვენი აზრით, ბევრი პროექტია, რომელსაც დეველოპერის და ინვესტორის კუთხიდან განვითარების რესურსი არ ჰყოფნის. მისასალმებელია, რომ ამ ნაწილში სახელმწიფო მკაცრად მიუდგება, რეალურად დაიბრუნებს იმ პროექტებს უკან, რომ ახალ ინვესტორებს გადასცეს, ვისაც ამის განხორციელების ფინანსური და ადამიანური რესურსი აქვს. ოთხი თვე არის იმისთვის, რომ სახელმწიფომ შეაფასოს დაიძრა თუ არა ეს პროექტები და თუ არ დაიძრა ჩამოართვას და გადასცეს სხვას“, - განაცხად აბრამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს მთავრობის განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა წარუდგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები