მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა "აგროკრედიტის" სუბსიდირებით სებ-ის პოლიტიკას ხელს უწყობს, თუ უშლის? - რაქვიაშვილი დავითაშვილს

633eb8256b309
ინგა მურუსიძე
06.10.22 15:25
371
„გირჩის“ წევრი, საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატი ალექსანდრე რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ კონკრეტული სამთავრობო პროგრამებით მთავრობა არათუ კოორდინირებულად მუშაობს ეროვნულ ბანკთან, არამედ ხელს უშლის მას.

„მთავრობაში მანტრასავით საუბრობთ მიწოდების ჯაჭვის რღვევაზე, ომზე, ვითომ ეს ინფლაციას იწვევს. თუმცა ერთი კვლევა არ არსებობს, რომელიც ამას დაადასტურებდა. თქვენ ამბობთ, რომ ინფლაციის ნაწილში ეროვნულ ბანკთან ერთად მუშაობთ, მაგრამ მგონია რომ ასე არ არის“, - თქვა რაქვიაშვილმა.

დეპუტატმა მაგალითად მოიყვანა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამა, რომლითაც გათვალისწინებულია, რომ მთავრობა რეფინანსირების განაკვეთს ასუბსიდირებს.

„თუ კომპანიამ სესხი აიღო 15%-ად, იქიდან რეფინანსირების განაკვეთი არის 11%, ამას დაასუბსიდირებს მთავრობა. ანუ ეროვნული ბანკის საწინააღმდეგო პოლიტიკა გაქვთ. გამოდის, რომ თქვენ ხელს უშლით ეროვნულ ბანკს. ამ კონკრეტულ პროგრამაზე მაინტერესებს, მე არ გეკითხებით რამდენად გგონიათ რომ საჭიროა ვიღაცას სუბსიდირება, მე მაინტერესებს ასეთი მიდგომა ხელს უწყობს ეროვნული ბანკის პოლიტიკას თუ ხელს უშლის?“, - მიმართა რაქვიაშვილმა დავითაშვილს.

თავის მხრივ, ლევან დავითაშვილის განცხადებით, "შეღავათიანი აგროკრედიტის" პროგრამის სუბსიდირება მიზნობრივია და ამით სოფლის მეურნეობის კონკრეტუი დარგის წახალისება ხდება.

"ინფლაცია ძალიან სერიოზული გამოწვევაა. ის პრობლემებს უქმნის ჩვენს მოსახლეობას, მაგრამ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდაც და ის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, ადგილობრივი წარმოება წავახალისოთ და ეკონომიკის ამა თუ იმ სექტორს ხელი შევუწყოთ. ზუსტად ამიტომ, ასეთ შემთხვევებში არსებობს ხოლმე მიზნობრივი სუბსიდირებები და მიზნობრივი სუბსიდირება ნიშნავს, რომ ის იყოს მიმართული კონკრეტულ მიმართულებაზე და არ იყოს საყოველთაო. აგროკრედიტის პროგრამაც ასეა, საქართველოში სოფლად მცხოვრები მოქალაქეების დაცვას ემსახურება და სოფლის მეურნეობის კონკრეტული დარგის დახმარებას ითვალისწინებს“, - თქვა მინისტრმა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები