მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა რაჭაში რთველს წელს 4 ლარით დაასუბსიდირებს - მინისტრი

ყურძენი ხვანჭკარა

წელს რთველი საკმაოდ რთულ პირობებში ჩატარდა. კახეთში მოსული სეტყვის შედეგად 6 ათას ჰექტარამდე ფართობი დაზიანდა, რის გამოც სახელმწიფოს დამატებითი ფინანსური სახსრების გამოყოფა დასჭირდა ფერმერების დასახმარებლად.

წლევანდელი რთველი რთულია რაჭველი მევენახეებისთვისაც, რადგან როგორც ადგილობრივები ამბობენ, უხვნალექიანმა ზაფხულმა და სეტყვამ ყურძნის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა რაჭის რეგიონშიც განხორციელდება.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ მთავრობა სუბსიდიის სახით 4 ლარს გადაიხდის იმ პირობით, თუ კომპანიები ფერმერებისგან 1 კილოგრამ ყურძენს 7 ლარად შეიძენენ.

“რაჭაში რთველი აქტიურ ფაზაშია. 300 ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული. აქაც ვეხმარებით ჩვენს მევენახეებს. გრძელდება სუბსიდირება 4 ლარის ოდენობით იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი გადაიხდის არანაკლებ 7 ლარს კილოგრამში. დარწმუნებული ვარ, რთველი რაჭაში წარმატებულად ჩაივლის“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

აღსანიშნია, რომ რთველის სუბსიდირების პროგრამა რაჭაში გასულ წელსაც მსგავსი პირობებით განხორციელდა. სუბსიდია მიიღო ყველა იმ კომპანიამ, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეული ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი და მევენახეს არანაკლებ 7 ლარი გადაუხადა. ამასთან, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში კომპანიებზე  1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულისთვის - 4 ლარის ოდენობით სუბსიდია გაიცა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს საპროგნოზო მოსავალი  რაჭაში 1500-2000 ტონის ფარგლებშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები