მთავრობა საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის დაწინაურებისთვის სტრატეგიას შეიმუშავებს
BM.GE
14.07.18 13:39
• 807
პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგებში პოზიციების გაუმჯობესების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, განსაკუთრებით კი მაღალტექნოლოგიური FDI-ის მოზიდვაზე, რაც გაზრდის ჩვენი ქვეყნის კონკურენტუნარიანობას გლობალურ ბაზარზე.
ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური მიზანი, რომ მივაღწიოთ სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს, რაც შესაძლებლობას ხდის, მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების ინვესტირების განხორციელებას შევუწყოთ ხელი ქვეყანაში და ვუზრუნველყოთ შედარებით იაფ ფინანსურ რესურსზე წვდომა, მათ შორის განსაკუთრებით კერძო სექტორისთვის. ამისთვის მომზადებული გვაქვს კონკრეტული ღონისძიებები და საგზაო რუკა და ეს უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ამოსავალი წერტილი იმისთვის, რომ ჩვენი რეფორმები ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ მივაღწიოთ ამ საინვესტიციო რეიტინგს. ეს თვისობრივად და ხარისხობრივად გაზრდის ჩვენი ქვეყნის კონკურენტუნარიანობას", – განაცხადა ბახტაძემ.
მისივე თქმით, გარდა ქვეყნის სუვერენული რეიტინგისა, მთავრობის მიზანია, საქართველო მოხვდეს ყველა ძირითადი ავტორიტეტული რეიტინგის ათეულში.
"სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობა აქტიურად გააგრძელებს რეფორმების ციკლს და საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის პოზიციების გაუმჯობესებისთვის შეიმუშავებს შესაბამის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას, რომლის განხორციელება ხელს შეუწყობს მთავრობის პოლიტიკის ეფექტიანობის ზრდას ყველა მიმართულებით და შესაბამისად – საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესებას და მიღწეული შედეგების პოზიტიურ ასახვას საერთაშორისო რეიტინგებში", – აღნიშნა პრემიერმა.
ამასთან, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა არის მთავრობის მთავარი პრიოტოტეტი, რაც გულისხმობს მოსახლეობის საყოველთაო ჩართულობას ეკონომიკური განვითარების პროცეში.
"მთავრობა მიზნად ისახავს ისეთი ეკონომიკური მოდელის დანერგვას, რომლის პირობებში ეკონომიკური ზრდის პარალელურად, იზრდება ეკონომიკურ შესაძლებლობაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, მცირდება უმუშევრობა და სიღარიბე", – განაცხადა პრემიერმა.