2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის თანახმად, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ამოქმედებისთვის „მეწარმეობის განვითარების“ პროგრამის ფარგლებში 20 მლნ ლარია გათვალისწინებული.
„ბიზნესისთვის არასაკმარისი უზრუნველყოფით გამოწვეული შეზღუდვების შემცირება, რაც ხელს უშლის სიცოცხლისუნარიან ბიზნესს კრედიტის აღებაში. აღნიშნული მიზნით, საფინანსო ინსტიტუტების აქტიური ჩართულობით და საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით, შემუშავდება და დაინერგება საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ფინანსებზე წვდომას მცირე და საშუალო ბიზნესს, ხელს შეუწყობს ეკონომიკის დამატებით დაკრედიტებას, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში ლიკვიდობის გაუმჯობესებას და რაც ყველაზე მთავარია, დასაქმების ზრდას და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას“, - წერია ბიუჯეტის პროექტში.
გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მიმდინარეობს კონსულტაციები პროგრამის ჩამოყალიბებაზე და მისი დაწყება შესაძლებელი იქნება 2019 წლის იანვრიდან.