მთავრობა საპენსიო ფონდის სტრუქტურაზე კერძო სექტორთან კონსულტაციებს აწარმოებს. ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ საინვესტიციო ჯგუფი BGEO-ს გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა განუცხადა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია და აღნიშნა, რომ მთავრობასთან „დიალოგი მჭიდროა“.
"კერძო სექტორთან კონსულტაციები სულ არის, რაც მისასალმებელია. მუშაობა მიმდინარეობს. ეს რეფორმა 2017 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი, შესაბამისად დრო კიდევ ბევრია“, - განაცხადა გილაურმა.
რაც შეეხება იმ სექტორებს, სადაც საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხები ინვესტიციის სახით უნდა განთავსდეს, როგორც ირაკლი გილაურმა აღნიშნა, ეს თემაც ჯერ კიდევ დიალოგის საგანია.
"ამაზე საუბარი ჯერ ცოტა ადრეა, მაგრამ როგორც წესი, საპენსიო თანხები უფრო ობლიგაციებში მიდის, ვიდრე აქციებში. საპენსიო ფონდის აქტივებში აქციები უფრო ნაკლებად არის წარმოდგენილი - ეს დაახლოებით, 5-10% შეიძლება იყოს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ვნახოთ, რა პრიორიტეტებს დასახავს მთავრობა საპენსიო ფონდებისთვის და ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა საკმაოდ კარგია“, - განაცხადა გილაურმა.
შეგახსენებთ, რომ საპენსიო რეფორმის კონცეფციის თანახმად, საპენსიო ფონდში დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო ორ-ორ პროცენტიან შენატანებს გააკეთებენ. დაგროვებითი საპენსიო სისტემით სარგებლობა ნებაყოფლობითი იქნება და ბენეფიციარი საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ ფინანსურ შემოსავალს მიიღებს. რაც შეეხება დღეს არსებულ სოციალური პენსიის მოდელს, ეს შენარჩუნდება.

























