ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია სახელმწიფო კომპანიების პრივატიზების გეგმებს განმარტავს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ ეტაპზე გადაწყვეტილია საქართველოს ფოსტის პრივატიზება, ხოლო რაც შეეხება რკინიგზასა და სახელმწიფო ელექტროსისტემას, ამ შეთხვევაში სახელმწიფო წილების გაყიდვა მხოლოდ განხილვაშია.
"ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ ჩვენი პრიორიტეტია სახელმწიფო კომპანიების პრივატიზება და მათი ეფექტურობის გაზრდა.
საქართველოს რკინიგზა, როგორც ერთ-ერთი სახელმწიფო კომპანია შედის ეფექტურობის ამაღლების პროგრამაში. ამასთან დაკავშირებით იგეგმება რეორგნიზაცია. აგრეთვე ვგეგმავთ, რომ მეტი ჩართულობა იყოს მომავალში კერძო კომპანიების მოძრავ შემადგენლობასთან დაკავშირებით. არის მოძრავი შემადგენლობა, სადაც კერძო ოპერატორები უნდა შემოვიყვანოთ. ეს ყველა ქვეყანაში მიღებული საუკეთესო პრაქტიკაა. საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირის შეთანხმებით გავმჯინოთ რკინიგზის ინფრასტრუქტურის მენეჯერი და მოძრავი შემადგენლობის მენეჯერი. ეს არის ევროდირექტივა. ყველაფერი ეს მოგვცემს საშუალებას რომ მეტი ტვირთები მოვიზიდოთ და შევიტანოთ დიდი წვლილი ჩვენი ქვეყნის ლოგისტიკური როლის გაზრდაში. გასხვისებაზე საუბარი ჯერ-ჯერობით არაა. საუბარია მეტი კერძო ოპერატორების შემოყვანაზე", - ამბობს მინისტრი.
რაც შეეხება სახელმწიფო ელექტროსისტემას, მისივე თქმით, ამ შემთხვევაშიც საუბარია ორგანიზაციის ოპტიმიზაციაზე და სისტემაში კერძო ოპერატორების დაშვებაზე.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო კომპანიების პრივატიზების გეგმებზე ეკონომიკის მინისტრმა Bloomberg-თან ინტერვიუში ისაუბრა. ასევე, რკინიგზის 25%-ის გასხვისებაზე წერს სარეიტინგო სააგენტო Fitch-იც. კერძოდ, საშუალოვადიან პერიოდში Fitch საქართველოს რკინიგზის მფლობელის ცვლილებას არ ელოდება, თუმცა წერს, რომ მთავრობას კომპანიის 25%-ის გასხვისება აქვს გადაწყვეტილი.
ამასთან, სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოს ვალდებულება აქვს აღებული, რომ ევრკავშირის დირექტივები ტრანსპორტის სფეროზეც გაავრცელოს, რომელიც ასევე შეეხება საქართველოს რკინიგზას. კერძოდ, 2022 წლისთვის უნდა მოხდეს ინფრასტრუქურის განცალკევება, რაც ასევე მოახდენს გავლენას GR-ის ბიზნესზე და მის მონოპოლიურ მდგომარეობაზე.