მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე კლინიკებისთვის ახალ ვალდებულებას ამზადებს

62d9a2ae6674e
თელარა გელანტია
22.07.22 10:53
3087
მთავრობა სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე კლინიკებისთვის ახალ ვალდებულებას ამზადებს.

"სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე კლინიკებს ექნებათ ვალდებულება, რომ ექიმების, ექთნების, სანიტრებისა და სხვა რგოლის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების მინიმალური ზღვარი დააწესონ ისე, რომ მათი ხელფასები ღირსეული იყოს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში.

თემაზე საუბრისას ზურაბ აზარაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულებებმა მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული დაფინანსებით, მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღეს და საოპერაციო მოგების გათვალისწინებით, მინისტრმა სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს სახელფასო სისტემის გადახედვისკენ მოუწოდა.

ამასთან, როგორც ზურაბ აზარაშვილმა თქვა, სახელმწიფო კლინიკაში, კერძოდ, „რესპუბლიკურ საავადმყოფოში" პილოტურ რეჟიმში, წარმატებით ხორციელდება ახალი სახელფასო სისტემა, რომელიც ღირსეული ანაზღაურების მინიმალური ზღვარის დაწესებას გულისხმობს.

„მთლიან სექტორში ვსაუბრობთ, დაახლოებით, 60 ათასამდე ასეთ დასაქმებულზე. საპილოტედ, „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ უკვე გავუშვით მინიმალური ანაზღაურების სისტემა, სადაც მინიმალურ ფიქსირებულ ანაზღაურებას ვაძლევთ ექიმებს. იმ მომგებიანობიდან გამომდინარე, რაც სექტორს აქვს, მოვუწოდებ, თავისის სურვილით გადახედოს მათ ხელფასებს, აიღოს ჩვენი მაგალითი, რა შეიძლება, ამ შესაძლებლობიდან გამომდინარე იყოს მინიმალური ანაზღაურება, ექიმებისთვის და ექთნებისთვის. მათ უნდა ჰქონდეთ ის ღირსეული ანაზღაურება, რასაც თავიანთი შრომიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე იმსახურებენ,“ - განაცხადა მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილმა ცვლილების განხორციელების კონკრეტული დრო არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ყველა სიახლის რეალიზებაზე სამინისტრო აქტიურად მუშაობს და არც ეს ინიციატივა იქნება ის საკითხი, რომლის განხორციელებასაც წლები დასჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები