საქართველოს მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის 2025 წლის ბიუჯეტს 195 მილიონ ლარს ამატებს - აღნიშნულს ითვალისწინებს 2025 წლის ბიუჯეტის კორექტირების პროექტი.
პროგრამისთვის თანხის დამატება იმიტომ გახდა საჭირო, რომ 2025 წლის 11 თვეში უკვე ათვისებულია 1.23 მილიარდი ლარი, რაც ფაქტობრივად წლიური ბიუჯეტის ტოლია. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის უწყვეტად გაგრძელებისთვის დამატებითი რესურსების გამოყოფა დასჭირდა.
რაც შეეხება 2026 წლის ბიუჯეტს, საბოლოო პროექტით, საყოველთაო ჯანდაცვაზე მომდევნო წელს 1.5 მილიარდი ლარის გამოყოფა იგეგმება, რაც 2025 წლის თავდაპირველ გეგმასთან შედარებით 280 მილიონი ლარით მეტია.
ამასთან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა წლების განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროსთვის ერთ-ერთი ყველაზე რთულად სამართავი მიმართულება იყო, რადგანაც თითქმის ყოველწლიურად პროგრამის ფარგლებში კლინიკებზე მოთხოვნა წინასწარ განსაზღვრულს აღემატებოდა, რის გამოც მთავრობას პროგრამისთვის მილიონობით ლარის დამატება სჭირდებოდა.




























