მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა შრომის ინსპექციის დაფინანსებას 65%-ით ზრდის

5c3487134b26b
შოთა ტყეშელაშვილი
08.01.19 15:36
1460
საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2018 წლის 31 დეკემბერს ხელი მოაწერა შრომის ინსპექტირების 2019 წლის პროგრამას.

დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელთან შედარებით, სახელმწიფო შრომის ინსპექციის დაფინანსებას 64.8%-ით 1.5 მილიონ ლარამდე ზრდის.

უწყების ხელძღვანელი ბექა ფერაძე bm.ge-თან ინტერვიუში ამბობს, რომ მათ ახლა წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეუძლიათ ცალკეულ კომპანიებში შესვლა და ადგილზე შემოწმების განხორციელება.

2019 წლისთვის შრომის ინსპექციის ძირითადი სამუშაო მომეტებული რისკის მქონე ობიექტების შემოწმება იქნება. კომპანიებს მომეტებული რისკის მქონე საწარმოთა ნუსხაში რეგისტრაცია 2018 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით ჰქონდათ. ბექა ფერაძე ამბობს, რომ ამ რეესტრში 73,000 ობიექტი დარეგისტრირდა. ინსპექციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახლა ამ მონაცემთა ბაზის დამუშავება მიმიდინარეობს.

"ამ მონაცემების დამუშავება ახლა მიმდინარეობს. რათა უწყებამ გეგმა შეიმუშავოს და პრიორიტეტები დასახოს. თითოეულ ობიექტზე, რომელიც დარეგისტრირდა, ყველგან არსებობს მომეტებული საფრთხე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ყოველ კომპანიაში შეიძლება დაიგეგმოს ინსპექტირების განხორციელება.

დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით ხდება შემოწმება. ეს კრიტერიუმებია, თუ დადგენილი ინციდეტნის შესახებ გვაქვს ინფორმაცია, თუ მოხდა ობიექტზე უბედური შემთხვევა ან ინციდენტი, ან მაგალითად სამთო-მოპოვებით მრეწველობაში არსებობს დაზიანების მაღალი რისკი, ვიცით რომ სექტორი არის მაღალი რისკის მატარებელი. ვიცით, რომ მშენებლობაც რისკებს შიცავს. კრიტერიუმების ერთობლიობით ვადგენთ შესამოწმებელი კომპანიების ნუსხას, რომელთაც ეტაპობრივად წლის განმავლობაში ვამოწმებთ,”- ამბობს ფერაძე.

უწყებაში ამბობენ, რომ მათ 2018 წელს მათ 90-მდე კომპანია შეამოწმეს, საიდანაც ყველაში ამა თუ იმ ტიპის დარღვევა გამოვლინდა.

“90-მდე კომპანია შემოწმდა და ყველა მათგანში აღმოჩენილი იყო დარღვევა. განსაზღვრულია, რომ პირველ ეტაპზე ეძლევათ ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილება, რასაც ახლავს გონივრული ვადა. ამ ვადის გასვლის შემდგომ, ხდება განმეორებითი შემოწმება. თუ დარღვევა გამოსწორებული არაა, მაშინ კომპანია ექვემდებარება ფულად ჯარიმას. გადამოწმებული არის 10-მდე კომპანია, რომელთაგან 5 თუ 6 კომპანია იყო დაჯარიმებული და მათ დამატებით მიეცათ მცირე დრო დარღვევის გამოსასწორებლად,”- ამბობს ბექა ფერაძე.

შრომის ინსპექციაში სულ 40 ადამიანი მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები