დღეში 33 თეთრი - ეს არის ის თანხა, რასაც დღეს საქართველოს მთავრობა 125 ათას სოციალურად დაუცველ არასრულწლოვანს აძლევს. 16 წლამდე არასრულწლოვნებზე თვეში 10-ლარიან შემწეობას საქართველოს მთავრობა სოციალურად დაუცველ ოჯახებს 2015 წლიდან აძლევს.
დღეს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველი ოჯახები 16 წლამდე ბავშვებისთვის ხუთჯერ გაზრდილ დანამატს - ანუ თვეში 50 ლარს მიიღებენ. ბახტაძის თქმით, ცვლილება UNICEF-ის რეკომენდაციას უკავშირდება.
ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის თქმით, შემწეობის ზრდას დაახლოებით 70 მილიონ ლარამდე თანხა დასჭირდება.
საინტერესოა, რომ UNICEF-მა საქართველოს ასეთი შემწეობის შემოღების რეკომენდაცია ჯერ კიდევ 2012 წლის ანგარიშით [იხილეთ PDF დოკუმენტი] მისცა. მაშინ UNICEF-ს შეწსავლილი ჰქონდა სამი შესაძლებლობა - 30, 20 და 15 ლარიანი შემწეობების დაწესების.
დღესვე ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თქვა, რომ მთავრობა ხანდაზმულთა პენსიებისა და არასრულწლოვანთა შემწეობების ზრდასთან ერთად შშმ პირების სოციალური დახმარების ზრდის შესაძლებლობასაც განიხილავს.
ოპოზიციის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე კვირით ადრე ასეთი ცვლილების დაანონსება პირველ რიგში ამომრმჩეველთა გულისმოგებისთვის გადადგმული ნაბიჯია.
ევროპული საქართველოს დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ისინი მთავრობას სოციალური დახმარებების ზრდისკენ უკვე დიდი ხანია მოუწოდებდნენ, თუმცა მაშინ მთავრობის მხრიდან კეთდებოდა მუდმივი განცხადებები, რომ ბიუჯეტში ამისთვის საკმარისი თანხები არ იყო.
"როდესაც “ევროპული საქართველო” მუდმივად აყენებდა არა მხოლოდ სოციალური დახმარებების, არამედ ასაკობრივი და შშმ პირების როგორც პირველი, ისე მეორე ჯგუფის, პენსიის ზრდის საკითხს, “ქართული ოცნების” პასუხი იყო: რას მოვაკლოთ? ახლა ვეკითხები: კარგია, რომ ბავშვის დანამატს ზრდით, მაგრამ რას აკლებთ დაფინანსებას?"- ამბობს ჭიაბერაშვილი.