მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა სოფლად მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას გეგმავს

5b49feae7324c
BM.GE
14.07.18 17:46
645

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, სოფლად შესაძლოა, 50 ათასი ლარის ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდეს.

ამის შესახებ ცქიტიშვილმა პარლამენტში, სოფლის მხარდაჭერის გაუქმებული პროგრამის შესახებ საუბრისას განაცხადა.

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე გუშინაც გვქონდა საუბარი. ძირითადად საუბარია მცირე პროექტებზე, რომელთა შერჩევა ხორციელდებოდა მოსახლეობის ჩართულობით, თუმცა ნამდვილად ბევრი კითხვა არსებობდა ამ პროექტების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით. რიგ შემთხვევაში იცით, რომ ჭურჭლის შეძენა ხდებოდა სოფლის თემის მიერ, იყო ასეთი შემთხვევებიც. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, რომ რეგ. ფონდის ფარგლებში გამოვყოთ პროგრამა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. ეს შეეხება 50 ათას ლარამდე პროექტებს, რომლის შერჩევა და დადგენა მოხდება სოფლის მოსახლეობის მიერ და შესაბამისად, მასში შეთავსებული იქნება ყველა ის პოზიტიური მხარე, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში ყველას მოგვწონდა, თუმცა მეორეს მხრივ, დაცულნი ვიქნებით იმისგან, რომ ეს თანხები არაეფექტურად არ დაიხარჯოს", – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტმა განახლებული მთავრობა უნდა დაამტკიცოს, სადაც 10 სამინისტრო და ერთი მინისტრის აპარატი იქნება წარმოდგენილი. ამ წუთებში მთავრობის წევრობის კანდიდატები და პრემიერ–მინისტრი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები