მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა, თამბაქოს კონტროლის გამკაცრებაზე, გუგული მაღრაძის კანონპროექტის წინააღმდეგია

5788ce4e24274
თელარა გელანტია
15.07.16 15:48
3753
"მთავრობის კანცელარიაში პირდაპირ შეასრულეს თამბაქოს ინდუსტრიის დაკვეთა და კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს. სავარაუდოდ, თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ერთად შეთხზეს მთავრობის დასკვნა, საიდანაც ნათელია ავტორის თვითმიზანი - კანონპროექტების დაბლოკვა და არა რაციონალური მსჯელობა. გამაოგნებელია დასკვნის არაადამიანური სულისკვეთება, არაკომპეტენტურობა და თავხედობა“, - ეს არის ამონარიდი თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ გავრცელებული სპეციალური განცხადებიდან, სადაც ძალიან მწვავედაა გაკრიტიკებული „თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, მთავრობის მიერ მომზადებული დასკვნა.

რატომ არ ეთანხმება მთავრობა საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გუგული მაღრაძის საკანონმდებლო ინიციტივას და რა შენიშვნები აქვს ეკონომიკურ გუნდს, - მთავრობის დასკვნა ექსკლუზიურად „ბიზნესკონტრაქტმა“ მოიპოვა.

მთავრობის ადმინისტრაციის დასკვნას და შენიშვნებს თან ერთვის ეკონომიკის, ფინანსთა, რეგიონული განვითარების და შინაგან საქმეთა სამინისტროების შენიშვნები დეპუტატ გუგული მაღრაძის მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზე.

დოკუმენტებში ნათქვამია, რომ მთავრობა საკანონმდებლო პაკეტის წარმოდგენილი სახით მიღებას არ ეთანხმება და აქვს შენიშვნები. მთავრობის აზრით, მართალია, კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავება ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული დირექტივების და რეკომენდაციების განხორციელების საჭიროებამ განაპირობა, თუმცა მეტი კონკრეტიკა ამ მხრივ წარმოდგენილი არ არის. მთავრობის ერთ-ერთი შენიშვნა ეხება კანონპროექტის იმ მუხლს, რომლითაც საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე თამბაქოს ნაწარმის რეალიზების რადიუსი გაზრდილია 50-დან 100 მეტრამდე.

"ასეთი სიახლე შესაძლებელია არაეფექტური ნაბიჯი აღმოჩნდეს ბიზნესთან მიმართებით. მეორეს მხრივ, არ ცვლის თამბაქოს კონტროლის და მისი მავნე ზემომქედების შეზღუდვის თვისობრიობას. თამბაქოს კონტროლის სფეროში უმნიშვნელოვანესია ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა. მაგალითად: უზრუნველყოფილი იქნას არასრულწლოვანებისადმი თამბაქოს რეალიზების აკრძალვა და კონტროლი, ვიდრე სარეალიზაციო ობიექტისთვის ადგილის შეცვლა. ინიციტივის ეს ასპექტი საჭიროებს არგუმენტირებას“, - წერს მთავრობა.

გუგული მაღრაძის კანონპროექტის მიმართ მთავრობას არაერთი შენიშვნა აქვს. საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, თამბაქოს კონტროლი არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობის კონტროლს და შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ კანონის მოქმედება.

"შედეგად, თამბაქოს კონტროლის განმახორციელებელ დაწესებულებებს თამბაქოს მოხმარების კონტროლის მოტივით შესვლა შეეძლებათ ნებისმიერ დაწესებულებაში მოსამართლეთა სპეციალური ნებართვის ბრძანების გარეშე. წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, არათანაბრ პირობებში აღმოჩნდებიან თამბაქოს მწარმოებელი მეწარმეები და სხვა მეწარმე სუბიექტები. შესაბამისად, აღნიშნული რეგულაცია დამატებით გაანალიზებას საჭიროებს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებაში“.
პარლამენტისთვის გადაგზავნილი შენიშვნების თანახმად, მთავრობას მიაჩნია, რომ კანონპროექტის საბოლოო რედაქცია ყველა მხარის ჩართულობით უნდა ჩამოყალიბდეს და ასევე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ამ სფეროში დასაქმებული კერძო მეწარმეების მონაწილეობა.

"ბიზნესკონტრაქტმა“ ყურადღება მიაქცია ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროების შენიშვნებს და წინადადებებს. მაგალითად, ნოდარ ხადურის უწყება ფიქრობს, რომ თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული კანონდარღვევების გამოვლენა შემოსავლების სამსახურის ფუნქცია არაა. ასევე, ფინანსთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ მათი ადმინისტრირება და სამართალდარღვევებიდან ამოღებული უნდა იქნეს მუხლი, რომელიც ითვალისწინებს 18 წლამდე ასაკის პირებზე თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარების და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების რეალიზაციას და ის განახორციელოს შს სამინისტრომ.

"აღნიშნული ადმინისტრაციული სამართლადარღვევის დადგენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. რადგან მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების განხორციელების დაწყებამდე სავალდებულოა პირის ინფორმირება, გარდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურისა, რომლის განხორციელების დროსაც საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი შესყიდვას ახორციელებს როგორც ფსევდო მომხმარებელი და შესაბამისად, მისი ასაკიც 18 წელზე შესამჩნევად მეტია“, - აცხადებს ფინანსთა სამინისტრო.

რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს შეიშვნებს - უწყებას მიაჩნია, რომ კანონპროექტი უნდა ამოქმედდეს მისი დამტკიცებიდან მინიმუმ 1 წლის შემდეგ, რადგან ის ითვალისწინებს მნიშვნელოვან ცვლილებებს და საჭიროა მეწარმეებს მიეცეთ გონივრული ვადა. ასევე, დიმიტრი ქუმსიშვილის უწყებას მიზანშეუწონლად მიაჩნია ის მუხლი, რომლის თანახმად, კანონპროექტის მიღების შემდეგ, საქართველოს ბაზარზე აღარ დაიშვება ისეთი თამბაქოს განთავსება, რომელიც 2016 წლის 1 დეკემბრამდე არ ყოფილა განთავსებული.

"გაუგებარია და დამატებით განმატებას საჭიროებს თამბაქოს ახალი სახის ნაწარმის საქართველოს ბაზარზე განთავსების აკრძალვასთან დაკავშირებული აღნიშნული მოთხოვნა. ასევე, ის საკითხი, თუ საიდან იქნა აღებული ეს ვადა და რატომ. ამასთან, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია თამბაქოს განლაგებასთან დაკავშირებით, ისეთი შეზღუდვის დაწესება, როგორიცაა მისი ხილვადობის აკრძალვა ობიექტის შიგნიდან. მით უფრო, როდესაც აკრძალვა ეხება არა მხოლოდ ნაწარმს, არამედ მისი აქსესუარების და მოხმარებისთვის განკუთვნილ მოწყობილობებს. დეფინიციის თანახმად კი, სხვა ნივთებთან ერთად, აღნიშნულში შედის საფერფლე, ნებისმიერი სახის პორტსიგარა, მსგავსი მიდგომით შესაძლებელია პრობლემა შეექმნას ტურისტულ ადგილებში განთავსებულ სავაჭრო ობიექტებს“, - წერია ეკონომიკის სამინისტროში დასკვნაში.

დიმიტრი ქუმსიშვილის უწყებას ასევე მიაჩნია, რომ უნდა გადაიხედოს მუხლი, რომლითაც იკრძალება თამბაქოს მოხმარება ტაქსებში და კატერებში. რადგან მათი აზრით, ამის გაკონტროლება შეუძლებელია. გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტროს აზრით, უნდა გადაიხედოს გუგული მაღრაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ის მუხლიც, სადაც განსაზღვრულია, რომ აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარების და მასთან დაკავშირებული სხვა ნივთების რეალიზაცია უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ამ მუხლის დარღვევისთვის დადგენილია 5000 ლარიანი ჯარიმა. მნიშნელოვანია, გადაიხედოს წარმოდგენილი ქვეპუნქტის დეფინიცია, რათა მისი შინაარსიდან გამოირიცხოს ისეთი შემთხვევები, როდესაც ქუჩაში ერთი პირი მეორეს სთხოვს თამბაქოს და იმ შემთხვევაში თუ იგი მას გადასცემს თამბაქოს, ეს უკანასკნელი, შესაძლებელია დაჯარიმდეს 5000 ლარით“, - აცხადებენ სამინისტროში.

გუგული მაღრაძის კანონპროექტს ამ ეტაპზე ბიზნესის მხარდაჭერა არ აქვს. ინდუსტრია მიიჩენვს, რომ რეგულაციები თანმიმდევრული და მთავრობის „თამბაქოს კონტროლის სტრატეგიასთან“ შესაბამისი უნდა იყოს.

ცნობისთვის, კანონპროექტის თანახმად, სასტუმროებს 2017 წლის 1 ივლისამდე ეძლევათ ვადა, მოწევის სრულ აკრძალვამდე. ნომრების არაუმეტეს 50 პროცენტში შესაძლოა დაუშვან თამბაქოს მოხმარება. საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, საჯარო დაწესებულებებს, სილამაზის სალონებსა და მაღაზიებს კი ამ ვადამდე შენობის 20 პროცენტში შეეძლებათ გამოყონ მოსაწევი ადგილი. იკრძალება რეკლამაც და თამბაქოს დახლზე, გამოსაჩენ ადგილზე განთავსებაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები