საქართველოს მთავრობამ დღეს გამოაქვეყნა განცხადება იმის თაობაზე, რომ ქვეყანა მმართველობის გამჭვირვალობის ინდექსში დაწინაურდა და მსოფლიოში მეთორმეტე პოზიციას იკავებს. თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ მითითებული ინფორმაცია არ ასახავს სრულ ვითარებას, რადგანაც ის რასაც მთავრობა დამოუკიდებელ ინდექსად მოიხსენიებს არის მრავალკომპონენტიანი ინდექსის ერთ-ერთი კრიტერიუმი. კერძოდ კი საუბარია "ჩენდლერის კარგი მმართველობის 2025 წლის ანგარიშზე", რომლის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოში 42-ე ადგილს იკავებს, რაც წინა წელთან შედარებით 3 პოზიციით არის გაუარესებული.
"ჩენდლერის კარგი მმართველობის ინდექსი" აერთიანებს 7 სვეტს, ხოლო მისი კრიტერიუმების საერთო რაოდენობა არის 35. გამჭვირვალობის კრიტერიუმი არის ამ 35 კრიტერიუმიდან ერთ-ერთი და სწორედ ამ კრიტერიუმს წარმოაჩენს მთავრობის განცხადება, როგორც დამოუკიდებელ ინდექსს. თუმცა სინამდვილეში ის საერთო ინდექსის მხოლოდ ერთი ნაწილია.
რაც შეეხება მთლიანად ანგარიშს, მასში საქართველოს პოზიციები გაუარესებულია 3 ადგილით, ხოლო არაერთ კრიტერიუმში საქართველოს პოზიცია გაუარესებულია, ამ კრიტერიუმებს შორისაა კანონის უზენაესობა; საკუთრების უფლებები; სამართლებრივი სისტემის ხარისხი; ინოვაციები და სხვა კრიტერიუმები.
ამავე ინდექსით, კარგი მმართველობის თვალსაზრისით მსოფლიოში ლიდერობენ:
- სინგაპური;
- დანია;
- ნორვეგია;
- ფინეთი;
- შვედეთი;
- შვეიცარია;
- ნიდერლანდები;
- გერმანია
- არაბთა გაერთიანებული საამიროები;
- ლუქსემბურგი.
2025 წლის ინდექსით საქართველოს საერთო ქულაა 0.610, ხოლო წინა ინდექსით ქვეყნის შეფასება იყო 0.597. შესაბამისად, აბსოლუტური ქულა გაუმჯობესდა, მაგრამ საქართველო ამ ინდექსში მაინც დაქვეითდა. ამის მიზეზი ისაა, რომ წინა წლის ინდექსში მონაწილეობდა 113 ქვეყანა, 2025 წლის ინდექსში კი 120. შესაბამისად, საქართველოს მიერ ქულის გაუმჯობესება საკმარისი არ აღმოჩნდა პოზიციის გაუმჯობესებისთვის.




























