საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე გამარტივებული კონკურსი გამოცხადდა (განცხადების გადარჩევა და გასაუბრება).
hr.gov.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიის მიხედვით, განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2019 წლის 6 იანვარია;
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის შერჩევაზე გადაწყვეტილებას მიიღებს "საამისოდ უფლებამოსილი პირი", თუმცა დაკონკრეტებული არაა - ვინ.
თანამდებობრივ სარგოდ განსაზღვრულია 5800 ლარი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელისგან ითხოვს მხოლოდ უმაღლეს განათლებას (პროფესია: ბიზნესის ადმინისტრირება/მარკეტინგი/ტურიზმი/მენეჯმენტი/ეკონომიკა) და 5-წლიან სამუშაო გამოცდილებას, თუმცა არაა დაკონკრეტებული, რა სფეროში და რა პოზიციაზე.
მხოლოდ დამატებით მოთხოვნებშია მითითებული, რომ კანდიდატისთვის სავალდებულოა, ტურიზმის ან/და მომიჯნავე სფეროებში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.
გამარტივებული კონკურსის პირობების თანახმად, კანდიდატმა სამოტივაციო წერილში უნდა გადმოსცეს, რა იქნება მისი როლი ტურიზმის სფეროს განვითარების საქმეში.
კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურს და რუსულს C2 დონეზე.
რაც შეეხება ფუნქციებს, როგორც საკონკურსო დოკუმენტაციაშია მითითებული, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ფუნქციებია:
- საქართველოში ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება;
- მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;
- ტურიზმის განვითარების საფუძველზე, ქვეყანაში მაღალი საექსპორტო შემოსავლების ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა;
- საქართველოს პოპულარიზაციისა და საერთაშორისო და შიდა ტურისტული ნაკადების ზრდის მიზნით, ტურისტულად მიმზიდველი კომერციული ან/და არაკომერციული - ხასიათის ღონისძიებების რეკლამა/პროპაგანდა, ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა;
- საქართველოში უცხოელი ტურისტების მოზიდვა და შიდა ტურიზმის განვითარება;
- ტურისტული ადგილების, ინსფრასტრუქტურისა და ტურიზმის სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა.
შეგახსენებთ: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე რამდენიმე დღის წინ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელად გადაიყვანეს. საკადრო ცვლილებებზე ეკონომიკის სამინისტროს არანაირი განმარტება არ გაუკეთებია.
Bm.ge-ის ინფორმაციით, გიორგი ჩოგოვაძის შემცვლელად ამ დროისთვის 2 კანდიდატურა განიხილება. მათ შორისაა: ჟან ფრედერიკ პოლსენი, რომელსაც როგორც საერთაშორისო საკითხებში, ასევე, სამინისტროს რიგ სხვა ინიციატივებთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უფროსი მრჩევლის პოზიცია უჭირავს და მარიამ ქვრივიშვილი, რომელიც კომპანია "ვოიაჟერის" დირექტორია, რომელიც საქართველოში ხუთი ავიაკომპანიის გენერალური დისტრიბუტორია; წინა მთავრობის პერიოდში მარიამ ქვრივიშვილს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტი ეკავა.

























