მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა ტყიბულის შემთხვევაზე: ყველა შესაბამისი უწყება მუშაობს, რათა დადგინდეს მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი

591203ee29553
BM.GE
09.05.17 21:55
1259
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან, როგორც სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ასევე სამართალდამცველები. ტყიბულში სამთო მაშველთა დამატებითი ჯგუფი თბილისიდანაც გაემგზავრა.

მთავრობის ადმინისტრაცია ტყიბულის შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"შემთხვევის გამომწვევი მიზეზების შესწავლის პროცესში ყველა შესაბამისი უწყება ჩაერთო. მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. პრემიერ-მინისტრის დავალებით, შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე - ჯანდაცვის სამინისტროს შრომის დეპარტამენტის უფროსი და შრომის ინსპექტორების ჯგუფი. ტყიბულში, შემთხვევის ადგილზე პირველივე წუთებიდან იმყოფებიან რეგიონის გუბერნატორი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ყველა შესაბამისი უწყება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინირებულად მუშაობს, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადებში და ეფექტიანად განხორციელდეს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, დადგინდეს მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი და გაკეთდეს ყველაფერი, რათა მსგავსი შემთხვევები თავიდან იყოს აცილებული",- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც გაავრცელა:

"ამ მძიმე წუთებში, მინდა თანადგომა გამოვუცხადო შახტში მომუშავეთა ოჯახებს. შესაბამისი სამსახურებისგან ვიღებ ინფორმაციას ტრაგედიის ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საქართველოს მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მინდელის შახტში იმუშავებენ შესაბამისი ჯგუფები, რათა უსწრაფესად განხორციელდეს მეშახტეთა სამძებრო სამუშაოები და ასევე, დადგინდეს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი",- ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტყიბულში მომხდარი შემთხვევის შედეგად 4 მეშატე გარდაიცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები