მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა ურეკში, გრიგოლეთსა და ფოთში აზარტული თამაშების განვითარებას წაახალისებს

5c63dff0bf220
BM.GE
13.02.19 13:30
1697
ხელისუფლება ურეკში, გრიგოლეთსა და ფოთში აზარტული თამაშების განვითარებას ხელს შეუწყობს. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში ეკონომიკის სამინისტრომ წარადგინა,  აღნიშნულ ტერიტორიებზე სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განსხვავებული განაკვეთით დაბეგვრას ითვალისწინებს.

სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდება ახლადაშენებული, არანაკლებ ოთხმოცნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა, ნებართვის გაცემიდან 10 წლის განმავლობაში.

“კანონპროექტი ითვალისწინებს ერთის მხრივ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, დაბა გრიგოლეთის ტერიტორიაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის ტერიტორიასა და ფოთში სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განსხვავებული განაკვეთით დაბეგვრას, ხოლო მეორე მხრივ, დაბა გრიგოლეთში, დაბა ურეკსა და ფოთში სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებას ახლადაშენებული არანაკლებ ოთხმოცნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობის შემთხვევაში, ახლადაშენებული სასტუმროების ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობის ნებართვის კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან"-ნათქვამია კანონპროექტში. 

"კანონპროექტის მიღება მიზნად ისახავს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაბა გრიგოლეთში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკსა და ქალაქ ფოთში აზარტული თამაშების ბაზრის სიმწირის გამოსწორებას. ამასთანავე „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებლის შემცირებით/ გათავისუფლებით მოგვარდება დასახელებულ ლოკაციებზე ადგილობრივი დასაქმების პრობლემა. გარდა ამისა, კანონპროექტი მიზნად ისახავს სასტუმრო ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული დამატებითი სერვისების (ისეთები როგორიც არის სამორინე) განვითარების ხელშეწყობას აღნიშნულ ტერიტორიებზე, როგორც ახალ აშენებული სასტუმროს, ასევე უკვე არსებული სასტუმროს გაფართოება/გადაიარაღების შემთხვევაში.

ამასთანავე, კანონპროექტის მიღება აუცილებელია აღნიშნულ რეგიონებში ტურისტული პოტენციალის გაზრდის, ამ გზით საერთაშორისო ვალუტის შემოდინებისა და შესაბამისად ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესის შენელებისათვის” - ნათქვამია  "სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები