საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის" საგრანტო კონკურსს აცხადებს.
როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, აღნიშნულ საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს პირადად ან საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქესთან ერთად.
უწყების ინფორმაციით, პროგრამის მიზანია ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, საქართველოს პოპულარიზაცია და სახალხო დიპლომატიის განვითარება. ხოლო ამოცანაა უცხოეთში მოქმედი ქართული ანსამბლების საჭიროებებისთვის მიმართული ინიციატივების დაფინანსების მექანიზმის შექმნის გზით, დიასპორასა და სახელმწიფოს შორის კავშირების გაღრმავება.
საგრანტო თანხის საერთო ოდენობა შეადგენს 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს და სამ მიმართულებას მოიცავს:
1. პროექტის ფარგლებში დაფინანსდება საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების ფუნქციონირების და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით წარმოდგენილი პროექტები, კერძოდ, მოხდება ანსამბლების ტექნიკურად და მატერიალურად აღჭურვა.
2. პროგრამის ფარგლებში, 2025 წლის 31 დეკემბრამდე, გრანტი გაიცემა საზღვარგარეთ მოქმედი არაუმეტეს 4 ქართული ფოლკლორული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის, ასევე თანამედროვე ცეკვისა და მუსიკის სხვადასხვა ჟანრის ქართველი შემსრულებლების კონცერტის დასაფინანსებლად საქართველოში, უპირატესად რეგიონებში;
3. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საქართველოდან არაუმეტეს 4 პროფესიონალის ადგილსამყოფელ ქვეყანაში გაგზავნა და ქართული ცეკვისა და სიმღერის მასტერკლასების ჩატარება.
განაცხადები მიიღება 2025 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.
"გამარჯვებულთა გამოვლენა მოხდება კონკურსის წესით, კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები", - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საჭირო თანხის გამოყოფა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2025 წლის საბიუჯეტო ასიგნებებიდან იგეგმება.




























