მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ 2026 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტიდან 70,000-მაყურებლიანი სტადიონის პროექტი ამოიღო

სტადიონი

საქართველოს მთავრობამ 2026 წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვერსია პარლამენტს დღეს საღამოს წარუდგინა. განახლებული ბიუჯეტის კაპიტალური პროექტების თავში აღარაა 70,000 მაყურებელზე გათვლილი ახალი ეროვნული სტადიონის პროექტი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ უნდა აშენებულიყო. ბიუჯეტის პირვანდელი ვერსიით, ამ პროექტზე 2026 წელს 200 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმებოდა, მთლიანად ოთხწლიან პერიოდში კი 876 მილიონი ლარის.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 25 ნოემბერს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოცხადებული ტენდერის ანულირების გადაწყვეტილება მიიღო. უწყების მიერ გამოქვეყნებული ოქმის თანახმად, აუცილებელია სატენდერო დოკუმენტაციის, მათ შორის დამკვეთის მოთხოვნებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმების ხელახალი გადახედვა, რათა პროცესი მეტად სრულყოფილი და კონკურენტული იყოს.

ტენდერში კომპანიებმა წინადადებები 2025 წლის 29 სექტემბერს წარადგინეს. ტენდერში მონაწილე ერთადერთი ქართული კომპანია იყო "ანაგი", რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდს ახალი სტადიონის პროექტირებას და მშენებლობა 850 მილიონ ლარად სთავაზობდა, ხოლო ყველაზე დაბალი ფასი თურქულმა კომპანია YDA-მ დააფიქსირა 744.9 მილიონი ლარის ოდენობით.

თბილისის ახალი სტადიონის სამშენებლო წინადადებები ასე ნაწილდებოდა:

  • ანაგი (საქართველო) - 850 მილიონი ლარი;
  • მაქრო ქონსთრაქშენი და შპს ინშაათჩი 3 (საქართველო და აზერბაიჯანი) - 789.4 მილიონი ლარი (დისკვალიფიკაცია);
  • YDA İNŞAAT (თურქეთი) - 744.9 მილიონი ლარი (დისკვალიფიკაცია).

"იმის გამო, რომ ტენდერის საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს მხოლოდ ერთი პრეტენდენტი აკმაყოფილებდა და მისი შეთავაზება, სხვა მონაწილეთა ფასებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მაღალი იყო, კომისიამ კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა და საჭიროდ მიიჩნია პირობების ხელახალი შეფასება და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.

სატენდერო კომისიამ იმსჯელა და დაადგინა სატენდერო დოკუმენტის დამკვეთის მოთხოვნებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმების გადახედვის საჭიროება. სატენდერო დოკუმენტის ინსტრუქციები პრეტენდენტთათვის (იპ) 39.1 პუნქტის შესაბამისად, სატენდერო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ანულირდეს ტენდერის პროცედურება", - ნათქვამია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ახალი ეროვნული სტადიონი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ არსებულ 270,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე უნდა აშენდეს, თუმცა უცნობია როდის და რა ბიუჯეტით განიხილავს მთავრობა ამ პროექტის განხორციელებას, რადგანაც 2026 წლის ბიუჯეტის კაპიტალური პროექტებიდან სტადიონისთვის განკუთვნილი დაფინანსება ამოღებულია.

BMG საკითხზე მეტი ინფორმაციის მოპოვებისთვის კითხვით მუნიციპალური განვითარების ფონდს მიმართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები