მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ 319 ახალი პიკაპის შესაძენად 29-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

პიკაპი

საქართველოს ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ 319 ახალი პიკაპის შესაძენად კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 28 836 643 ლარს შეადგენს.

შესყიდვის ფარგლებში გათვალისწინებულია სპეციალიზებული კლასის პიკაპების შეძენა, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში გადანაწილდება. ყველაზე დიდი რაოდენობა გადაეცემა სურსათის ეროვნულ სააგენტოს - 90 ერთეული, ეროვნულ სატყეო სააგენტოს - 50 ერთეული, გაზის ტრანსპორტირების კომპანიას - 33 ერთეული, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს - 30 ერთეული, ხოლო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს - 28 ერთეული.

ავტომობილებს ასევე მიიღებენ საქართველოს მელიორაცია (25 ერთეული), შემოსავლების სამსახური (18 ერთეული), დაცული ტერიტორიების სააგენტო (10 ერთეული), ველური ბუნების ეროვნული სააგენტო (9 ერთეული), აჭარის სატყეო სააგენტო (5 ერთეული) და სხვა უწყებები.

ტენდერის პირობების მიხედვით, ავტომობილები უნდა იყოს ოთხწამყვანი (4X4) სისტემით, მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფით და მინიმუმ 102 ცხენის ძალის ძრავით. პიკაპის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 5 მეტრი, სიგანე - 1.755 მეტრი, ხოლო სიმაღლე - 1.760 მეტრი.

შესყიდვის ტექნიკური მოთხოვნები ასევე მოიცავს უსაფრთხოების მინიმუმ ორ ბალიშს, ABS სისტემას, კონდიციონერს, აუდიოსისტემას, საჭის გამაძლიერებელს, ელექტროშუშებს წინა კარებზე და სათადარიგო საბურავს.

მომწოდებელი კომპანია უნდა იყოს ავტომობილის მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი და საქართველოში უნდა გააჩნდეს შესაბამისი სერვისცენტრი. სატრანსპორტო საშუალებებზე გათვალისწინებულია 5-წლიანი გარანტია ძირითად აგრეგატებზე — ძრავზე, ხიდსა და გადაცემათა კოლოფზე, ხოლო სრულ ავტომობილზე - 3 წელი ან 150 ათასი კილომეტრი, იმის მიხედვით, რომელი პირობა შესრულდება ადრე.

ტენდერის ფარგლებში მოთხოვნილია ავტომობილის უსაფრთხოების შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტიც, რომელიც შეიძლება იყოს საერთაშორისო ქრაშტესტის სერტიფიკატი, მათ შორის Euro NCAP-ის, IIHS-ის, JNCAP-ის ან Latin NCAP-ის შეფასება.

ტენდერში წინადადებების მიღება 2 აგვისტოს დაიწყება და 3 აგვისტოს დასრულდება. ავტომობილების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები