მთავრობამ Groupe ADP-ის წევრ TAV Airports თბილისის აეროპორტის მართვის ხელშეკრულება 5 წლით გაუხანგრძლივა. ამ წუთებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის პრეზენტაცია მიმდინარეობს. ღონისძიება ირაკლი კობახიძემ გახსნა.
მისი თქმით, აეროპორტის გაფართოებისთვის ინვესტიცია 150 მლნ აშშ დოლარი იქნება.
„ხელშეკრულების ფარგლებში, Groupe ADP-ის მფლობელობაში არსებული კომპანია TAV-ი აეროპორტის მართვას დამატებით 5 წლით, 2031 წლის ბოლომდე, ვაზიანში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს. აეროპორტის გაფართოებისთვის განხორციელდება 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რაც მის გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის და ამასთან ერთად, მგზავრთა მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ინვესტიცია უზრუნველყოფს მგზავრთნაკადის გაზრდას, სერვისების უწყვეტ გაუმჯობესებას, მგზავრებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას, სწრაფ და ეფექტიან ოპერაციულ პროცესებს და თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამგზავრო გამოცდილების დანერგვას. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს უცხოელ პარტნიორებს - Groupe ADP-ს და კომპანია TAV-ს საქართველოს აეროპორტების განვითარების პროცესში მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის,“- განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, 2025 წელს როგორც ტურისტული ვიზიტების, ისე მგზავრების რაოდენობის თვალსაზრისით რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.
„თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელსაც ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს. აეროპორტის გაფართოების მნიშვნელობა კიდევ უფრო ნათლად იკვეთება იმ ფონზე, როდესაც 2025 წელი საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის განვითარებისთვის რეკორდული იყო. გასული წლის განმავლობაში, განხორციელდა 5,5 მილიონი ტურისტული ვიზიტი, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტს შარშან 8,5 მილიონი მგზავრი სტუმრობდა. ესეც რეკორდული მაჩვენებელია,“- თქვა კობახიძემ.



























