ხელშეკრულება, რომელსაც ხელს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და Hill+Knowlton Strategies-ის ფინანსური ოფიცერი ჯეფ მარკუსი აწერენ, 2019 წლის 3 აპრილით არის დათარიღებული. FARA-ს ვებგვერდზე დოკუმენტი 4 აპრილს აიტვირთა.
საქართველოს მთავრობა კომპანიას მომდევნო შვიდი თვის განმავლობაში ყოველთვიურად $107,142 ამერიკულ დოლარს გადაუხდის. კონტრაქტი 2019 წლის 31 აგვისტოს დასრულდება.
კომპანიის მიერ უცხოური აგენტების რეგისტრაციის ვებგვერდზე (FARA) მითითებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მთავრობა ქირაობს მას, რათა მიიღოს დახმარება აშშ-საქართველოს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების დაახლოებისთვის. შემსყიდველ ორგანიზაციას წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, ხელშეკრულების კონკრეტული მუხლები კი, ასეთია:
- Hill+Knowlton Strategies-მა უნდა ჩაატაროს საზოგადოებრივი აზრის კვლევა;
- განსაზღვროს შესაბამისი აუდიტორია და მისთვის მოაწყოს სავაჭრო+საინვესტიციო ფორუმები, რომლებიც საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების დაახლოებისკენ იქნება მიმართული;
- გადაამზადოს და შექმნას რეგიონალური ბიზნეს კოალიცია, აღნიშნული კოალიციისთვის მოამზადოს ახალი ვებგვერდი;
- დაგეგმოს და განახორციელოს შეხვედრები კვლევით ინსტიტუტებთან, მოახდინოს მათი ინფორმირება;
- იმუშაოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან - ფედერალური მთავრობის წარმომადგენლებთან და საკანონმდებლო ორგანოს წევრებთან ამ საკითხებზე;
- მოაწყოს შეხვედრები მედიასთან და სავაჭრო კავშირებთან, რათა პოპულარიზება გაუწიოს საქართველოს;
- უზრუნველყოს ფასიანი მედია კონტენტის განთავსება, რისთვისაც Hill+Knowlton Strategies ქვეკონტრაქტორ კომპანიებს დაიქირავებს, რომელიც საქართველოს მთავრობას დამატებით მედიამომსახურებას გაუწევს.
სხვა ლობისტური კონტრაქტები

ეს საქართველოს მთავრობის ერთადერთი ლობისტური კონტრაქტი არაა. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის იანვარში მთავრობამ განაახლა ხელშეკრულება Chartwell Strategy Group-თან, რისი წლიური ღირებულებაც $780,000-ს შეადგენს. დოკუმენტით, რომელსაც ხელს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი აწერს ხელს, წერია, რომ Chartwell Strategy Group-მა:
“ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს დამკვეთს [საქართველოს მთავრობას], რათა მან დაახლოვოს ურთიერთობები აშშ-ის საკანონმდებლო და სამთავრობო წრეებთან, მათ შორის:
- თეთრი სახლის აღმასრულებელ პირებთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის აღმასრულებელ პირებთან, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის აღმასრულებელ პირებთან და სხვა;
- კონგრესის წევრებთან;
- სხვა მაღალი რანგის პირებთან და მათ მთავარ მრჩევლებთან.
- აშშ-ში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, დაეხმაროს დამკვეთს, აღნიშნული ჯგუფების მხრიდან საქართველოსთვის დახმარების დემონსტრირებაში, ასევე დახმარება გაუწიოს ორმხრივი დღის წესრიგის სხვა მნიშვნელოვან საკითხებში
“სტრატეგიული ნარატივის შემუშავება - StrateVarious მიზანმიმართულ სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში, შეიმუშავებს ყოვლისმომცველ სტრატეგიულ ნარატივს, რომელიც საქართველოს “ამბავს” მაქსიმალურად ეფექტურად წარმოაჩენს. StrateVarious იმუშავებს თემებზე, რომლებიც ყველაზე საინტერესოა ტრამპის ადმინისტრაციისთვის. შეისწავლის როგორ მოხდეს აღნიშნული თემების ეფექტურად ფორმულირება და სხვადასხვა აუდიტორიისთვის (მაგალითად, პოლიტიკური ელიტები, კონგრესი, მედია, ანალიტიკური ცენტრები, ბიზნეს ასოციაციები, უხოეთის მთავრობები) მიწოდება და შექმნა,"- წერია ხელშეკრულებაში.

























