მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის იმპორტის აკრძალვა გადაავადა

5b9baf51959c5
თელარა გელანტია
14.09.18 16:51
1236
ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის იმპორტის აკრძალვის ვადამ პირველ ოქტომბრამდე გადაიწია.

როგორც bm.ge-ის ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, მთავრობამ ბიზნესის თხოვნა გაითვალისწინა.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინა ავტოტრანსპორტით ხორბლის გადამზიდავი მეწარმეებისა და მძღოლების თხოვნა და 2018 წლის პირველ ოქტომბრამდე გადაავადა ფინანსთა მინისტრის ბრძანების ამოქმედება, რომლის მიხედვითაც ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა/გატანა ქვეყნის საბაჟო ტერიტორიის გავლით ცალკეულ შემთხვევაში დასაშვები ხდება მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანხმობით, სხვა შემთხვევაში, აღნიშნული საქონლის ექსპორტ/იმპორტი შესაძლებელია მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი საბაჟო-გამშვები პუნქტების გავლით“, - განუცხადეს bm.ge-ის სამინისტროში.

შეგახსენებთ, გასული კვირის ბოლოს ხორცის, კვერცხის და კომბინირებული საკვების მწარმოებელმა 19-მა კომპანიამ პრემიერ-მინისტრს, შესაბამის მინისტრებს და ბიზნესომბუდსმენს ერთობლივი განცხადებით მიმართა. მათი მთავარი მოთხოვნა ივანე მაჭავარიანის მიერ გამოცემული ბრძანების გაუქმებაა.

„ხორბალი წარმოადგენს ხორცპროდუქტების, ისევე როგორც კვერცხის წარმოების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს. აღნიშნული ბრძანების შემდეგ შეწყდება ხორბლის იმპორტი რუსეთიდან ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, რაც მის თვითღირებულებას გააძვირებს ერთ ტონაზე დაახლოებით 100-150 ლარით და შესაბამისად გაზრდის კვერცხის და ყველა სახის ხორცის თვითღირებულებას“ - აცხადებენ მწარმოებლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები