ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალ პროექტი სახელწოდებით - „კეთილი განწყობით“ დაიწყო.
როგორც bm.ge -ის ადმინისტრაციაში განუცხადეს, პროექტის ბიუჯეტი 170 ათას ლარს შეადგენს და ის 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
რაც შეეხება აქტივობებს, პროექტის ფარგლებში შემდეგი კამაპანიებია დაგეგმილი:
თბილისში, ტურისტულად დატვირთულ ადგილას მოეწყობა „ღიმილის კედელი“. კედელზე გაიკვრება, როგორც მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანების ფოტოები, ასევე იმ ადამიანების ფოტოები, ვინც ფეისბუქ გვერდის გამოწვევის კამპანიაში მიიღებს მონაწილეობას;
ავტობუსის გაჩერებებზე დამონტაჟდება ინოვაციური AI (ხელოვნური ინტელექტი) ტექნოლოგიის მონიტორები, რომელზეც გამოსახული იქნება მომსახურების სფეროს წარმომადგენლების პორტრეტები, რომლებიც მოღუშული სახით გვიმზერენ. პორტრეტი გაიღიმებს მაშინ, როდესაც კამერის წინ მდგომი გამვლელი თავდაპირველად მას გაუღიმებს.
სპეციალურად პროექტისთვის შემუშავდა კამპანიის ლოგო;
დამზადდა კამპანიის სარეკლამო სტიკერები, როგორც პროექტის დასახელებით „კეთილი განწყობით“, ასევე, ქვესლოგანების გამოყენებით: #გაუღიმებარმენს, #გაუღიმეგამცილებელს, #გაუღიმეგიდს“ და სხვა;
მომზადდა კამპანია „კეთილი განწყობით“ საინფორმაციო- სარეკლამო ვიდეო რგოლი, რომლის გავრცელება მოხდება სოციალური ქსელის მეშვეობით (კამპანიის მსვლელობისას დამატებით დაგეგმილია რამოდენიმე საინფორმაციო ხასიათის ვიდეოს მომზადება, სადაც ასახული იქნება კამპანიის მსვლელობა და შედეგები);
შეიქმნა კამპანიის ფეისბუქ გვერდი, რომელიც ერთგვარი ინტერაქციული ხასიათისაა. გვერდის მეშვეობით მოხდება: ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული პროფესიების პოპულარიზაცია; მომსახურების სფეროში დასაქმებულთა და ასევე მომხმარებელთა მოტივაცია კეთილი განწყობის გასაზიარებლად; მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანების წარმატებული ისტორიების წარმოჩენა; გაიმართება მომსახურების სფეროში არსებული აქტუალური საკითხების განხილვა და სხვა;