მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მთავრობამ ბაზარზე ახალი ბანკების გაჩენა ხომ არ შეზღუდა?" - დეპუტატის კითხვა ქობულიას

5c64453fd9a99
თელარა გელანტია
13.02.19 20:41
2011
პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე დაინტერესდა, აპირებს თუ არა მთავრობამ ბანკებისთვის 50 მლნ-მდე გაზრდილი მინიმალური საწესდებო კაპიტალის შემცირებას.

ამ კითხვით მან ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას მიმართა და ამ კონტექსტში TBC ბანკის 2008 წლის ტრანზაქციასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიებაც ახსენა.

„ჩვენ გვქონდა საუბარი ბანკების არაპროფილურ საქმიანობასთან დაკავშირებით და ვთვლით, რომ არაპროფილური საქმიანობა უნდა შეზღუდონ, რათა ფინანსები მოხმარდეს სხვა სექტორებს და არა ისევ მათ კომპანიებს. ახლა ჩვენ ვხედავთ იმას, რომ რეალურად „თიბისი ბანკი“, „საქართველო ბანკი“ რაღაც გაურკვეველ მაქინაციებში არიან გარეული 2008-2009 წლებში; შესაბამისად, მათ უკანონოდ შეიძინეს აქციები და გაზარდეს თავისი წილი ბანკებში. ლოგიკურად ახლა მათ უნდა მოუწიოთ ამ აქციების გაყიდვა, რადგან მე ვთვლი, რომ ეს უკანონოა და მთავრობამაც ასე უნდა იფიქროს. პარალელურად, ჩვენ ვხედავთ, რომ როდესაც მივიღეთ კანონი ბანკების მინიმალური საწესდებო კაპიტალის 50 მლნ-მდე გაზრდის შესახებ, საწესდებო კაპიტალის გაზრდა მოხდა უკანონო გზით. ამ გადასახედიდან, როგორ ფიქრობთ, ბანკების გამსხვილებისკენ გადადგმული ნაბიჯი და მონოპოლისტების ჩამოყალიბება სწორი გზა იყო? ყველამ კარგად ვიცით, რომ ორი ბანკი აკონტროლებს 80%-ს და ხომ არ შეზღუდა მთავრობამ, პრაქტიკულად, ბაზარზე ახალი ბანკების გაჩენა? აპირებთ თუ არა ცვლილებას იმ მიმართულებით, რომ შემცირდეს მინიმალური საწესდებო კაპიტალის ზომა და ბაზარზე გაჩნდეს ახალი ბანკები? თქვენი პოზიცია მაინტერესებს“, - მიმართა დეპუტატმა ეკონომიკის მინისტრს.

თავის მხრივ, ქობულიამ უპასუხა, რომ ეს საკითხი უფრო ეროვნული ბანკის პრეროგატივაა და არა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსი.

„ეროვნულ ბანკში ჩვენ პროფესიონალი ხალხი გვყავს, რომელიც ამაში ალბათ კარგად ერკვევა და პროფესიონალურ ქმედებებს დაგეგმავს. ჩემი აზრით, მე მგონია, რომ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ აბსოლუტურად დამუკიდებელი იყოს საბანკო საქმიანობა და არ უნდა იყოს ბანკის არასბანკო საქმიანობა კონსოლიდირებული. თუ ჩვენ ეჭვი გვექნება იმაზე, რომ ბანკი თავის საქმიანობას იყენებს იმისთვის, რომ ბანკმა არაპროფილური საქმიანობა დააფინანსოს, ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია და ჩვენ ამის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები