ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, ბიზნესმენები მეტ პატივისცემას და ყურადღებას იმსახურებენ.
ამის შესახებ ჭყონიამ bm.ge-ის ფინანსთა მინისტრის იმ ბრძანების შეფასებისას განუცხადა, რომლის თანახმად, ე.წ. „ოქროს სიის“ წევრი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების 30-დღიანი ვადა 5 დღემდე შემცირდა და შესაბამისად, 217 კომპანიისთვის პრეფერენციული რეჟიმი გაუქმდა.
ბიზნესმენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავად „ოქროს სიაში“ არ იყო, ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანს ბიზნესთან კომუნიკაციის ფორმას უწუნებს.
„საერთოდ ბიზნესის პატივისცემა ღრმად უნდა გამოხატონ, ძალიან დიდი მადლობით, ქუდის მოხდით, რომ ადამიანები შრომობენ, გაუძლეს ყველა რეგულაციას, რაც არსებობდა, რეგულაციები კი ხან იქმნება, ხან უქმდება; ურთულესი რეგულაციები გვაქვს გამოვლილი ბიზნესმენთა იმ ჯგუფს, რომელიც დღეს საქართველოში არის...
გაუძლეს ყველაფერს და წლის ბოლოს ყველას უხდიან მადლობას, ბიზნესმენი კი, მოხსენიებულია როგორც ბიზნეს სექტორი, ვითომ სტადიონზე რაღაც სექტორში ვისხდეთ და დანარჩენი ვითომ ლოჟაში სხედან...
ჩვენ ვიმსახურებთ მეტ პატივისცემას და ყურადღებას. ეს არაა მოთხოვნილება, უბრალოდ, როცა რეგულაციებს ცვლი უარესობისკენ ან დადებითისკენ, კაცო, წინასწარ შეგვატყობინეთ, ჩვეულებრივი ამბავია...
ერთი თუ ორი თვით ადრე რომ გვითხრან, მეგობრებო, მოემზადეთ, ჩვენ მიერ ადრე არსებულმა რეგულაციებმა დღეს დაკარგა თავისი აქტუალობა, მოდაში აღარაა ან დროებას არ შეესაბამება ან ეკონომიკა შეიცვალა, ცხოვრება განვითარდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეიცვალოს და ეს ცვლილება გაცილებით ეფექტიანი იქნება სახელმწიფოსთვის და გთხოვთ, მოერგოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. რომელი პატრიოტი და წესიერი ბიზნესმენი წავა ამ ლოგიკის წინააღმდეგ?
ასეთი კომუნიკაციის შემთხვევაში, ჩვენ არათუ შევხედავთ ამას ისე, რომ გაგვიუარესეს მდგომარეობა, არამედ შევხედავთ ისე, რომ რა მაგარი ტიპები ვყოფილვართ, სახელმწიფოს დავჭირდით და უნდა დავუდგეთ გვერდში; ეს იდეოლოგია უნდა არსებობდეს ქვეყანაში, რომ ყველა ადამიანი ვინც სახელმწიფოს ემსახურება, იმსახურებს ყურადღებას სახელმწიფოსგან“, - აცხადებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია.

























