მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ბუნებრივი გაზის სექტორში კრიზისული მდგომარეობის გამოცხადების წესი დაამტკიცა

ბუნებრივი გზაი

მთავრობამ ბუნებრივი გაზის სექტორში კრიზისული მდგომარეობის გამოცხადების წესი დაამტკიცა. შესაბამისი დადგენილება 28 ოქტომბერს გამოქვეყნდა და უკვე ამოქმედდა.

„ბუნებრივი გაზის სექტორში კრიზისული მდგომარეობის გამოცხადების წესის“ მიზანია კრიზისული მდგომარეობის დონეების განსაზღვრის, მართვის, გამოცხადების წესისა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეებისა და კრიზისული მდგომარეობის მართვასთან დაკავშირებული სხვა სუბიექტების ფუნქციებისა და ვალდებულებების დადგენა.

შესაბამისი წესის თანახმად, ბუნებრივი გაზის სექტორში კრიზისული მდგომარეობის დონეებია: ადრეული გაფრთხილების დონე, განგაშის დონე და საგანგებო მდგომარეობის დონე.

ადრეული გაფრთხილების დონე ცხადდება, როდესაც არსებობს კონკრეტული, სანდო/სარწმუნო ინფორმაცია ისეთი მოვლენის დადგომის შესაძლებლობის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ გამოიწვევს ბუნებრივი გაზის წარმოების, გადაცემის, განაწილების, მიწოდების ან/და ყიდვა-გაყიდვის მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუარესებასა და განგაშის ან საგანგებო მდგომარეობის დონის გამოცხადებას.

განგაშის დონე ცხადდება ბუნებრივი გაზის წარმოების, გადაცემის, განაწილების, მიწოდების ან/და ყიდვა-გაყიდვის შეწყვეტის ან გაზზე განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნის შემთხვევაში, რაც იწვევს ბუნებრივი გაზის წარმოების, გადაცემის, განაწილების, მიწოდების ან/და ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული სიტუაციის მნიშვნელოვან გაუარესებას, თუმცა ბაზარს შეუძლია აღნიშნული შეფერხების ან მოთხოვნის მართვა არასაბაზრო მექანიზმების გამოყენების გარეშე.

ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გამოცხადდეს ბუნებრივი გაზის ბაზარზე მოულოდნელი კრიზისის შემთხვევაში, თუ ბუნებრივი გაზის წარმოება, გადაცემა, განაწილება, მიწოდება ან/და ყიდვა-გაყიდვა ფერხდება მოულოდნელი გარემოებების ან შესაბამისი ბუნებრივი გაზის საწარმოს კონტროლის მიღმა არსებული გარემოებების გამო, რომლებითაც საფრთხე ექმნება ბუნებრივი გაზის სისტემის ერთიან უსაფრთხოებასა და საიმედოობას ან საბოლოო მომხმარებლების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მათთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას ან/და ადამიანის, მოწყობილობა-დანადგარების ან სისტემის ერთიანობის უსაფრთხოებას და ბაზარს აღარ შეუძლია აღნიშნული შეფერხების ან მოთხოვნის მართვა არასაბაზრო მექანიზმების გამოყენების გარეშე.

დონეებს აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის დონის გამოცხადებისას, საბოლოო მომხმარებელს ბუნებრივი გაზის მიწოდება შესაძლოა, დროებით შეუწყდეს მხოლოდ საჯარო ინტერესის დაცვის აუცილებლობით გამოწვეულ შემთხვევაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები