"საქართველოს კაპიტალის" აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ რეგიონში განვითარებულმა საომარმა მოქმედებებმა ძირითადად ორ სექტორზე იქონია გავლენა.
როგორც მან "Forbes კვირას" ეთერში სტუმრობისას თქვა, საქართველოს ახალი შესაძლებლობები გაუჩნდა ენერგეტიკისა და ლოგისტიკის თვალსაზრისით. ირაკლი გილაური თვლის, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან დაანონსებული პროექტები ერთგვარი პასუხია იმ შესაძლებლობებზე, რაც ქვეყასაც გაუჩნდა. გილაური ენერგეტიკაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად მთავრობის მხრიდან CFD მექანიზმის შემოღებას ასახელებს.
“ომმა რამდენიმე სექტორზე იქონია დიდი გავლენა. ეს არის ენერგომატარებლები და ლოგისტიკა. ომმა შექმნა ცუდი კონიუნქტურა ამ ორ სექტორთან მიმართებით. მემგონი მთავრობას სწორი პოლიტიკა აქვს. ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ ენერგეტიკაში გვინდა ინვესტიციები, როგორც ქარის მიმართულებით, ისე ჰიდრო თუ სოლარის. ამ კუთხით ინვესტიციები თაროზე იყო შემოდებული. მთავრობამ ეს ამბავი გააცოცხლა, იმიტომ რომ ენერგომატარებლები ახლა საკმაოდ ძვირადღირებული გახდა და ალბათ გახდება კიდეც, რადგანაც მიწოდება არის შეზღუდული“, - ამბობს “საქართველოს კაპიტალის” აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გილაური.
ინფორმაციისთვის, მთავრობის დადგენილებით, PPA ხელშეკრულებებისგან განსხვავებით, CFD მოდელში სახელმწიფო არ შევა ინვესტორებთან პირდაპირ მოლაპარაკებებში. ამის ნაცვლად, CFD კონტრაქტები აუქციონის პრინციპით გაფორმდება და მასში საკუთარ ფასებს მთავრობას ენერგოსადგურები წარუდგენენ, ხოლო საუკეთესო ფასების მქონე ობიექტები კი შესაბამის დაფინანსებებს მიიღებენ.